Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდაფეთქება სეიშელზე - გამოსცადა თუ არა ამ შემთხვევამ "სინოფარმის" ეფექტიანობა


სეიშელის კუნძულები, სადაც მოსახლეობის 60% „სინოფარმით“ აიცრა და თითქოს ქვეყანა მზად იყო კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, კოვიდით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგების გამო, კვლავ შეზღუდვებზე გადადის. რატომ „აფეთქდა” კოვიდი ხელახლა მსოფლიოს ყველაზე ვაქცინირებულ სახელმწიფოში?

ამაზე ჯერ პასუხი არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ის სწავლობს მონაცემებს და აკვირდება დინამიკას, რომელიც ყოველდღიურად მზარდია სეიშელის კუნძულებზე.

სეიშელის კუნძულებზე ვირუსით ინფიცირების გრაფიკი
სეიშელის კუნძულებზე ვირუსით ინფიცირების გრაფიკი

სეიშელის კუნძულებმა, რომლის შემოსავლის წყაროც ტურიზმია, ვაქცინაცია ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო და მარტში ხელახლა გახსნა საზღვრები, თუმცა გასული კვირიდან ქვეყანაში მოულოდნელად სწრაფად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა.

ახალი შეზღუდვების გამო, მაღაზიები, ბარები და კაზინოები დროზე ადრე იკეტება. ტურისტებსაც სანაპიროზე დიდ ჯგუფად შეკრება ეკრძალებათ - მხოლოდ 4 ადამიანი. ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებაც გადაიდო.

არადა, 100 000-ზე ნაკლები რაოდენობის მოსახლეობის უმრავლესობა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით უკვე აცრილია. მოსახლეობა ჩინური „სინოფარმითა“ და ინდური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, „კოვიშილდით“, აიცრა. ვაქცინაციის მეტი წილი, 60 %, „სინოფარმზე“ მოდის.

მასშტაბური ვაქცინაციის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო მონაცემებით, დღეში საშუალოდ 134 ადამიანი ინფიცირდება. საერთო ჯამში კი, პანდემიის პერიოდში 7 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები არც ისე დიდია, პროცენტულად იმაზე მძიმედაა საქმე, ვიდრე ახლა ინდოეთშია.

რატომ მოხდა, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების მაგივრად სახელმწიფომ კოვიდაფეთქება მიიღო?

ამაზე სეიშელის სახელმწიფოს რამდენიმე პასუხი აქვს.

სეიშელის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა შერინ ფრენსისმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აიცრა, მაინც იყო აუცრელი ჯგუფებიო.

მთავრობის მონაცემებმა აჩვენა, რომ 1,068 აქტიური შემთხვევიდან დაახლოებით 65 პროცენტი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ან საერთოდ არ იყვნენ აცრილები, ან მიიღეს მხოლოდ ერთი დოზა. ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევებიდან მხოლოდ 10 %-ია ტურისტი.

„ვაქცინები ძალიან ეფექტიანია სერიოზული დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. ნაკლებად მუშაობს ინფექციის პრევენციაზე”, - თქვა ფრენსისმა.

სიტუაციის უეცარი გაუარესების კიდევ ერთ მიზეზად ოფიციალურმა პირებმა სააღდგომო დღესასწაულებზე ყურადღების მოდუნება დაასახელეს, თუმცა ქვეყნის საგარეო უწყება კვლავ იწვევს ტურისტებს და აცხადებს, რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი დაწესებულებების უმეტესობა კოვიდუსაფრთხოა.

სეიშელის მაგალითიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტიანად შეიძლება ჩაითვალოს „სინოფარმის“ ვაქცინა?

იმის გათვალისწინებით, თუ რა იყო ცნობილი სეიშელის ვაქცინების გავრცელებისა და გამოყენებული ვაქცინების შესახებ, ეპიდემიოლოგი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის პროფესორი ჯენიფერ ჰუანგ ბუი ვარაუდობს, რომ მოსახლეობის 49 პროცენტზე ნაკლებს შეიძლება ჰქონდეს ვაქცინების იმუნიტეტი, რაც არ არის საკმარისი კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.

„ეს არის კრიტიკული შემთხვევა, იმისთვის რომ განვიხილოთ ვაქცინის ეფექტიანობა და რა დიაპაზონს უნდა მივაღწიოთ, რომ გამოვიმუშაოთ კოლექტიური იმუნიტეტი“, - განაცხადა იანჟონგ ჰუანგმა, გლობალური ჯანდაცვის უფროსმა თანამშრომელმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში.

მისი თქმით, ისრაელსა და ინგლისში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აიცრა, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დავარდა.

ისრაელისა და ბრიტანეთის გარდა, „სინოფარმმა“ მაღალი ეფექტიანობა, 86%, აჩვენა გაერთიანებულ საამიროებში და, ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) დაადასტურა „სინოფარმის“ 78.1%- იანი ეფექტიანობა, როდესაც ჯგუფმა ვაქცინის სამი ფაზის გამოცდა და 45 ქვეყანაში გაკეთებული 65 მილიონი დოზა განიხილა.

მოსახლეობის ვაქცინაციის მონაცემი მსოფლიოს მასშტაბით
მოსახლეობის ვაქცინაციის მონაცემი მსოფლიოს მასშტაბით

რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა სეიშელის კუნძულებზე მომხდარი შემთხვევა? - ეს კითხვა ამირან გამყრელიძესაც დავუსვით.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„სეიშელი პატარა სახელმწიფოა და ამ ერთი მაგალითით დასკვნებს ვერ გამოიტან. მესმის, რომ გვაინტერესებს, იცავს თუ არა სრულად "ასტრაზენეკა" და "სინოფარმი" აცრის შემდგომ ახალი დაინფიცირებისგან. ამას არ უარვყოფთ, რომ არც ერთ ვაქცინას არ აქვს 100-პროცენტიანი დაცვა, მათ შორის "სინოფარმს" აქვს 79-86%-იანი დაცვა. შეიძლება დანარჩენ პროცენტში დაგემართოს ეს ინფექცია, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრის შემთხვევაში ჩაივლის ძალიან მსუბუქად“.

მსუბუქ მიმდინარეობას უსვამს ხაზს ვაქცინაციის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჩხაიძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ, მაღალი ინფიცირების მიუხედავად, გარდაცვლილთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად მცირე - 28 ადამიანი.

ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე

„სეიშელის შემთხვევა გახდა ერთგვარად პასუხგაუცემელი და მუსირებს ის ორი აზრი, რომ ტურისტების დიდმა ნაკადმა გაავრცელა ახალი შტამები, რის მიმართაც ძალიან ეფექტური არ არის ვაქცინა და მოსახლეობის არავაქცინირებულ, ერთჯერადად ვაქცინირებულ ნაწილზე გავრცელდა ინფექცია”. ივანე ჩხაიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაანალიზებული ბოლო შემთხვევებიდან 70 პროცენტამდე ინფიცირებულს ან საერთოდ არ ჰქონდა ვაქცინა გაკეთებული, ან ჰქონდა გაკეთებული მხოლოდ ერთი დოზა, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვაქცინამ არ იმუშავა.

„გარდა ამისა, უამრავი შტამია, რომელთან მიმართებითაც ვაქცინა ნაკლებეფექტურია. ბრიტანულის გარდა, მაგალითად, ბრაზილიური შტამი 152-ჯერ უფრო გადამდებია. ასე რომ, მუტაციების შედეგად დიდი შანსია, რომ ვირუსი გაექცეს ვაქცინას.

"სინოფარმის" მაგივრად სხვა ვაქცინა რომ ყოფილიყო, ანალოგიურ შედეგს მიიღებდნენ”.

XS
SM
MD
LG