Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას რომელმაც საოკუპაციო ღობე გაარღვია


აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, სოფელ დიცთან, საოკუპაციო ღობეს „ჟიგულის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა და ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფელ დიცში შევარდა. ავტომანქანამ საოკუპაციო ღობის კარი მოგლიჯა და მძღოლი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფლის ცენტრში უვნებელი მივიდა. დიცის ცენტრში მან მანქანა გააჩერა და სოფლის მცხოვრებლებს გამოელაპარაკა.

ამ დროს საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა, საოკუპაციო ღობესთან ახლოს მათ სათვალთვალო კოშკურა აქვთ და იქიდან კარგად ხედავდნენ დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას, თუმცა რუსეთის მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულს სოფელ დიცში აღარ შეჰყოლიან.

დიცის მცხოვრები ერთ -ერთი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ნასვამი მძღოლი ალკოჰოლურ სასმელს ბოთლიდან სვამდა და იგინებოდა. ამ თვითმხილველის თქმით, ოკუპირებული ფრისიდან გადმოსული პირი ავტომატით იყო შეიარაღებული. ამ დროს პოლიცია საფლავებს იცავდა და შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირი კი უკან გაბრუნდა.

მეორე, დამოუკიდებელი წყარო დიციდან იგივე ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ნასვამი პირი არ იგინებოდა და მას დიცელებთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, რადგან ამავე სოფელში მას ნათესავი ჰყავს და მანამდე არაერთხელ გადმოსულა. ეს წყარო პოლიციელთა უმოქმედობაზე საუბრობს, რომლებსაც ნასვამი შეიარაღებული პირის დაკავება შეეძლოთ, თუმცა შემთხვევის ადგილზე დაიგვიანეს და როცა გამოჩნდნენ დიცელებს უსაყვედურეს, თუ რატომ არ დააკავეს შემოსული პირი და სამართალდამცავებს რატომ არ გადასცეს. ამ დროს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პირი შეიარაღებული იყო და მას მოსახლეობა ვერ დააკავებდა.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო, სოფლის ყოფილი გამგებელი ზაქარია ვატიტაძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ სოფელ ფრისიდან გადმოსულ პირს, უკან გაბრუნებისას ოკუპირებულ ერედვთან ახლოს უკვე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ელოდებოდნენ, თუმცა მათ ნიშანს, რომ მანქანა გაეჩერებინა არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

„დიცის მწვანე ღობის კარები გადმოანგრია, აქ სოფელში გარკვეულ ხანს იყო, ბიჭებში ილაპარაკა რაღაც, ნასვამი კაცის ამბავი ხომ იცით. მერე ისევ უკან გაბრუნდა და იმათ (რუსებმა) დაიჭირეს. ჯერ მანქანა არ გაუჩერა და ესროლეს, მერე სახლამდე სდიეს და როგორც ვიცი, სოფელ ფრისში სახლთან დაიჭირეს და როგორც გავიგე, ერთი-ორი შემოარტყესო. ჩვენს სოფელში ინციდენტი არ მომხდარა, არც მის გინებაზე მსმენია რამე.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ინციდენტი ადგილობრივ მცხოვრებსა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, და უწყებამ მაშინვე აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. დიცელების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ფრისის მცხოვრები დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა სავარაუდოდ სხვისი ქონების დაზიანების მუხლსაც წაუყენებენ, რადგან ე.წ სასაზღვრო ღობის კარი მანქანის დაჯახებით მოგლიჯა.

მსგავსი ინციდენტი აღდგომის დღესასწაულზე სოფელ ხურვალეთშიც მოხდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული სოფლის მიმართულებით 4 პირი გადავიდა. მათ სასაფლაოზე მისვლა უნდოდათ, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა უკან , ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააბრუნეს,

XS
SM
MD
LG