Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი პროვოკაციას უწოდებს ივერი მელაშვილის გამოჩენას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე


ივერი მელაშვილი
ივერი მელაშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს ინციდენტს, რომელიც 4 მაისს მოხდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ივერი მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა პროვოკაციაა და კონკრეტულმა ტელევიზიამ პროვოკაციისთვის გამოიყენა იგი დავითგარეჯშიც:

„სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, და მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე - დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავითგარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 4 მაისს დაესხნენ თავს სასულიერო და საერო პირები. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრი ამბობს, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა. მაშინ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ივერი მელაშვილისთვის წარდგენილ ბრალში დავითგარეჯის საკითხი არ ფიგურირებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი ამ დრომდე შეუთანხმებელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოძიების დაწყების დროიდან კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას აქცენტი კეთდება დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხეზე.

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG