ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და სოფელ კაბალში საპროტესტო აქციას მართავდნენ, მცირე ხნით გადაკეტეს ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. შიოშვილმა დაზარალებულებს უთხრა, რომ მათ მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აუნაზღაურებს, მუნიციპალიტეტის მერიას კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლია.
ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს მოსავლის დაზღვევას და ამ შემთხვევაში ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ. ხელისუფლებისგან ასეთმა პასუხმა აქციის მონაწილეები გააღიზიანა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ლაგოდეხის მერიას დახმარების მოთხოვნით წერილობით მიმართავენ და უარის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, სპეციალური კომისია ზარალს აღწერს და შედეგებს ცენტრალურ მთავრობას მაინც გაუგზავნის.
29 აპრილს, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ზოგიერთ ადგილას თითქმის სრულადაა განადგურებული მარცვლეულის ყანები, ალუჩის, მარწყვის, საზამთროს და ნესვის ბაღები და ვენახები. სოფელ კაბალში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავიც აქვს გადახდილი.