„შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერის შემდეგ ამნისტიის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებული პროექტები შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.
„ამნისტიასთან დაკავშირებით უმრავლესობის და ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, მით უმეტეს, აქ ოპოზიციამ თავისი ვერსია შეიმუშავა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვა, უფრო მეტად დესტრუქციულ ოპოზიციასთან გარკვეულ პოზას იჭერენ. ცდილობენ მათ, ვინც არ შემოვიდნენ პარლამენტში, აჩვენონ, რომ კრიტიკულები არიან და მმართველ გუნდს წინააღმდეგობას უწევენ. სინამდვილეში ეს მათი მხრიდან სისუსტის ნიშანია.
პოზას იჭერს ოპოზიციის ნაწილი. ვურჩევ დანარჩენ პარტიებსაც, ოპოზიციის იმ ნაწილს მიბაძოს, ვინც მეტ პასუხისმგებლობას აჩვენებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელი 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე მხოლოდ ოპოზიციის შემუშავებული დოკუმენტი მოიპოვა.