ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს. გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საწოლების რაოდენობა 2300-ით უნდა გაიზარდოს.
"ინფექციის მატებასთან ერთად იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. დღევანდელი მდგომარეობით 3700 საწოლი რჩება ჰოსპიტლებში, მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზების", - თქვა მან.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში 14 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, მეორე ტალღის პერიოდში კი, პიკურ დროს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 ათასს აღწევდა, საწოლების დატვირთვა კი საშუალოდ 6,7 ათასი იყო.