„მან თავისი სიკვდილით გადაარჩინა ერთი უკრაინელი მებრძოლი. თავად უკრაინული ბრიგადის (სამთო მოიერიშე ბრიგადის) მეთაურმა გვიამბო, რომ ჭურვის აფეთქების დროს დათო ზურგით იდგა უკრაინელი მებრძოლის წინ და დათოს სხეულმა მთელი აფეთქების ტალღა შეაჩერა, რის შედეგადაც უკრაინელი ჯარისკაცი, ფაქტობრივად, მარტო ხელში დაიჭრა და კიდევ ნეკნებთან აქვს ნამსხვრევებს გავლილი“, - უთხა რადიო თავისუფლებას მამუკა მამულაშვილმა, უკრაინაში მოქმედი ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, იმ „ქართული ლეგიონისა“, რომლის რიგებშიც 2016 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა დათო შარტავამ, უკრაინის მიწაზე დაღუპულმა კიდევ ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა.
მსახიობობიდან „კომანდოსობამდე“
„ბავშვობაში ყოველთვის მახსენდებოდა, თუ როგორ დავდიოდით ხოლმე მამასთან ერთად ზოოპარკსა თუ სხვადასხვა პარკებში სასეირნოდ და ეს იყო ჩემთვის ძალიან ტკბილი მოგონებები. ბოლო ხანს ვბრაზობდი იმის გამო, რომ წავიდა სხვა ქვეყანაში, რომ ჩვენგან შორს იყო, მაგრამ, საბოლოოდ, როცა ვიაზრებდი, რომ ის ემსახურებოდა კარგ საქმეს, კეთილ საქმეს და იყო თავისი მისიის შესასრულებლად, ამით ვმშვიდდებოდი“, - ამბობს გიორგი შარტავა, უკრაინაში დაღუპული მებრძოლის უფროსი შვილი, რომელმაც 2016 წლის შემდეგ მამა მხოლოდ ერთხელ 2017 წელს ნახა, როდესაც უკრაინის დასაცავად წასული დავით შარტავა ხანმოკლე შვებულებით ჩამოვიდა საქართველოში მეუღლისა და შვილების სანახავად.
მაგრამ ქართველი მოხალისე მალე დაემშვიდობა ოჯახს და ისევ უკრაინაში წავიდა, როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ. 2021 წლის 18 აპრილს, როდესაც რუსეთის ჰიბრიდულმა ძალებმა მორიგ ჯერზე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში, დავით შარტავა ნაღმის აფეთქების შედეგად ადგილზევე დაიღუპა.
„დათო უშიშარი მებრძოლი იყო. მან რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ყოველთვის წინა ხაზზე მოქმედებდა. სხვათა შორის, მისმა თანამებრძოლებმა მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ დათო მაგარი მსახიობიც ყოფილა“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
როცა 2014 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, მამამ მაშინვე დაიწყო გზების ძიება, თუ როგორ წასულიყო უკრაინაში და ებრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.გიორგი შარტავა
დავით შარტავა განათლებით მსახიობი იყო. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ახმეტელისა და რუსთავის თეატრში. საკმაოდ ნიჭიერი მსახიობი იყო. „დედა და ბებია მიამბობდნენ, რომ მამა ისე კარგად თამაშობდა როლებს, რომ მაყურებელი ტიროდაო“, - ამბობს გიორგი შარტავა.
მაგრამ როდესაც დაოჯახდა და პირველი შვილი გაუჩნდათ, გადაწყვიტა მიეტოვებინა მსახიობის პროფესია და ოჯახის სარჩენად სხვაგან ეძებნა სამუშაო. ასე მოხვდა მსახიობი დავით შარტავა 2003 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების, „კომანდოსის“, რიგებში. ამ დანაყოფთან ერთად ასრულებდა პირველ საბრძოლო დავალებას 2004 წელს ცხინვალის მისადგომებთან. შემდეგ, 2006 წელს საზღვარგარეთ მოუხდა წასვლა, მაგრამ 2008 წელს, როგორც კი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა.
„მაშინ მამა ყოველდღე რეკავდა სახლში, ადგილს ვერ პოულობდა, ძალიან ნერვიულობდა, ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოვიდოდა საქართველოში, რომ მიეღო მონაწილეობა ბრძოლაში, რომელიც 5 დღეს გრძელდებოდა. მაგრამ მამამ მხოლოდ ომის დაბრუნების შემდეგ მოახერხა ჩამოსვლა საქართველოში. მუშაობაც დაიწყო, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, უნდოდა, რომ საქართველოს დახმარებოდა, რათა რამენაირად, როგორც ამბობდა, ეს რუსი ოკუპანტები მოეცილებინა ქვეყნიდან, ებრძოლა და გაემარჯვა. მაგრამ საქართველოში, როგორც იცით, აქ უკვე შედარებით სიწყნარე იყო და ბოლო ხანს აქ ისეთ პოლიტიკას ვატარებდით, რომელიც უფრო რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა იყო. და ამიტომ, როცა 2014 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, მამამ მაშინვე დაიწყო გზების ძიება, თუ როგორ წასულიყო უკრაინაში და ებრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ“, - გვიამბობს გიორგი შარტავა.
მოხალისე ლეგიონერის ტვირთი
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფულის გამო წავიდა იქ საბრძოლველად, ძალიან ცდება. მამა იქ ძალიან მიზერულ ანაზღაურებას ღებულობდა ხელფასის სახით.გიორგი შარტავა
ყველაფერი 2016 წელს გადაწყდა, როდესაც ყოფილ „კომანდოსს“ უკრაინიდან დაუკავშირდნენ თავისი ძველი თანამებრძოლები უკრაინაში უკვე კარგად ცნობილი „ქართული ლეგიონიდან“. დავით შარტავასაც ბევრი არ უფიქრია და სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინაში და მალევე „ქართული ლეგიონის“ რიგებში ჩაება აღმოსავლეთ უკრაინის თავდაცვის საქმეში. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, „ქართული ლეგიონისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უკრაინის არმიის რიგებში კონტრაქტორად ჩაირიცხა, თუმცა დათო შარტავა ყოველთვის ატარებდა „ლეგიონერის“ სახელს და ემბლემას.
უკრაინაში ყოფნის 5 წლის განმავლობაში დავით შარტავამ მხოლოდ ერთხელ , 2017 წელს, მოახერხა საქართველოში მისი ოჯახის წევრების ნახვა, შვილები და მეუღლე კი ერთხელაც ვერ ჩავიდნენ უკრაინაში მის სანახავად, როგორც გიორგი ამბობს, ეკონომიკური პრობლემების გამო.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფულის გამო წავიდა იქ საბრძოლველად, ძალიან ცდება. მამა იქ ძალიან მიზერულ ანაზღაურებას ღებულობდა ხელფასის სახით“, - ამბობს გიორგი შარტავა.
სხვათა შორის, „ქართული ლეგიონის“ წევრებს კარგა ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ოფიციალური სტატუსი უკრაინაში, რის გამოც 2014-2015 წლებში დაღუპული ქართველი მოხალისეები ვერ ღებულობდნენ უკრაინის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და მათზე, როგორც მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებულ სამხედროებზე, არც საქართველოს ხელისუფლება ზრუნავდა.
იყო შემთხვევა, როდესაც „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები უკრაინის წინა ხელისუფლების დროს უსამართლოდ გამოყარეს ფრონტის წინა ხაზიდან.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის დროიდან. გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე, 2019 წლის ივნისის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განკარგულებით მოქალაქეობა მიანიჭა 14 უცხოელს, მათ შორის 6 ქართველს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავდნენ.
ქართული გვარები უკრაინულ მემორიალზე
2021 წლის 18 აპრილს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ამბავი ელვის უსწრაფესად მოედო მთელ უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის შემდეგ დავით შარტავა ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამთო ბრიგადაში ირიცხებოდა, უკრაინის სარდლობის გადაწყვეტილებით, ქართველ ჯარისკაცს მის პირველ დანაყოფში - კიევში მდებარე „ქართული ლეგიონის“ ბაზაზე - გამოემშვიდობნენ.
„ასეთ ყურადღებას არ მოველოდი. მაღალ დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული. გამომშვიდობება მოხდა ქართული ლეგიონის ბაზაზე, კიევში. უამრავი ხალხი მოვიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, სახმელეთო ძალების სარდლისა და თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტის გარდა, დავითის ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა. მოსულები იყვენენ ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც, რაც უკვე კარგია“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელიც დღემდე საყვედურობს საქართველოს ხელისუფლებას აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის დეკემბერში დაღუპული პირველი ქართველი მებრძოლის, ალეკო გრიგოლაშვილისადმი გამოჩენილ უყურადღებობას და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს მაშინდელ არაკორექტულ განცხადებას, რისთვისაც სამხედრო უწყების მაშინდელ მესვეურებს საჯარო ბოდიშის მოხდაც დასჭირდათ.
„ქართული ლეგიონის“ მეთაურის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას გათვალისწინებული აქვს ფინანსური დახმარებაც ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების დაღუპვის შემთხვევაში. ესაა, დაახლოებით, 1,5 მილიონი ჰრივნა (დაახლოებით, 54 000$), რასაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს გადასცემს.
ერთი ადამიანი იყო მოსული, სამხედრო ვარო და, როცა გავიგე, რომ მამაშენი ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა, გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი თქვენთან სამძიმრის სათქმელადო.გიორგი შარტავა
24 აპრილს, სწორედ ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, 46 წლის დავით შარტავას სამხედრო პატივით მიაბარებენ მიწას თბილისში, გლდანის სასაფლაოზე. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახს თბილისის მერიიდან დაუკავშირდნენ და დასაფლავების ხარჯების მთლიანდ დაფარვას დაჰპირდნენ.
„მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ჩვენს ოჯახს გვერდში უდგას, ეხმარებოდა და ეხმარება მთელი ამ ტრაგედიის განმავლობაში. ...მე უკვე დიდი ხანია ვხედავ, თუ როგორი გმირი მამა მყავს. ამას ვაცნობიერებ ჯერ კიდევ პატარაობიდან და პატარობიდანვე მაქვს უდიდესი სიყვარული ჩემი სამშობლოს მიმართ. ხოლო იმაზე დიდი მოტივაცია, ვიდრე სამშობლოს სიყვარულია, ვფიქრობ, რომ არ არსებობს. შესაბამისად, ჩემი მოქმედებები, თუნდაც წვრილმანებში, მიმართული იქნება ჩემი ერის და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ“,- ამბობს დავით შარტავას შვილი, 23 წლის გიორგი შარტავა.
ამ „ტრაგედიამ“, ქართველი ჯარისკაცის, ორი სამშობლოსთვის მებრძოლ დავით შარტავას დაღუპვამ უკრაინის მიწაზე კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველები და უკრაინელები.
„მოდიან ყველანი, ვისაც კი პატარა შეხება ჰქონდა მამაჩემთან. მოდიან სრულიად უცნობებიც. ერთი ადამიანი იყო მოსული, სამხედრო ვარო და, როცა გავიგე, რომ მამაშენი ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა, გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი თქვენთან სამძიმრის სათქმელადო. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდანაც იყვნენ ასევე მოსული გენერლები, ასევე გამგეობიდან და მერიიდან, და მოსული იყო უკრაინის ელჩი და სამხედრო ატაშე,“ - ამბობს გიორგი შარტავა.
ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ როგორც მამუკა მამულაშვილი ამბობს, 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის რუსეთის ჰიბრიდულ ძალებთან ბრძოლაში 10 ქართველი დაიღუპა. მადლიერი უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებით, ყველა მათი სახელები და სურათებია ამოტვიფრული კიევის ცენტრალურ, სოფიას, მოედანზე აღმართულ მემორიალურ დაფაზე, რომელსაც ახლა უკვე დავით შარტავას, უკრაინაში დაღუპული მე-11 ქართველი ჯარისკაცის, სახელიც მიემატება.