Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში


ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ. ის ფეისბუკზე აქვეყნებს ევროკავშირის ხელმძღვანელების და ევროპარლამენტარების ჩამონათვალს, რომლებსაც ბრიუსელში შეხვდა და წერს, რომ "ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას".

ირაკლი კობახიძის თანახმად, „ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, „ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც მოითხოვს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. პარტიის უარის მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიით არჩეულმა სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და გრიგოლ ვაშაძემ.

შეთანხმების შინაარსი მიუღებელია პარტია "ევროპული საქართველოსთვის", თუმცა, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის საარჩევნო სიით არჩეულმა დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრად არჩეულმა შალვა ნათელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG