Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტმა თავდაცვის სამინისტროში ნაშთების დადარებისას 697 მლნ ლარის უზუსტობა აღმოაჩინა


აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მონაცემების დადარებისას აღმოაჩინა, რომ უზუსტობა 697 406 534 ლარი იყო. აუდიტორებმა უწყების ფინანსური და მატერიალური საკითხები 2019 წლის ჩათვლით შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სარდლობებისა და ქვედანაყოფების დონეზე სააღრიცხვო მონაცემები არაინფორმაციულია, ხოლო ფინანსების მართვის დეპარტამენტი სრულყოფილად ვერ აკონტროლებს ეკონომიკურ საკითხებს.

"სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას", - ვკითხულობთ დასკვნაში.

აუდიტორები აღნიშნავენ, რომ სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემის უზუსტობის გამომწვევი მიზეზები. უზუსტობები, ძირითადად, გამოწვეულია აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით.

დასკვნაში მოყვანილია რამდენიმე მიზეზი:

  • ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად. მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3 734 819 ლარის ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის;
  • 2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული 4 758 776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში.

"მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან", - აღნიშნავენ აუდიტორები.

დასკვნაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

"2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG