Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: შეიძლება ითქვას, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია


მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა მიშელს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია“. პრემიერის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა. მისი შეფასებით, დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. „ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას“, - დაამატა მან.

მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე ილაპარაკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის შესახებ. „საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს“, - თქვა ღარიბაშვილმა და განაგრძო, - „პრეზიდენტ მიშელს შეხვედრაზე მე დავუდასტურე ჩვენი მზაობა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმების აღებული შეთანხმების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად“.

როგორც პრემიერი ამბობს, მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. დოკუმენტი ხელმოწერებისთვის ღიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG