ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კმაყოფილებას გამოხატავს თბილისში ყოფნის გამო და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“. მისი თქმით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისია და ბევრ შრომას საჭიროებს.
„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან დიდი შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელმა. მან თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესი ადვილი არ იყო, თუმცა უფრო მეტი საქმე დღეს იწყება. მანვე გამოთქვა რწმენა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში თანაბარი ძალები იქნებიან წარმოდგენილი და გადაწყვეტილებები ინკლუზიური ჩართულობით იქნება მიღებული:
„რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მე დარწმუნებული ვარ აგრეთვე, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირებისა. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს 15 საათისთვის ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.
საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ დოკუმენტზე "სამომავლო გზა საქართველოსთვის" ხელმოწერის დასრულების შემდეგ:
„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. გმადლობთ და საუკეთესოს გისურვებთ“.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.
2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. დოკუმენტი ხელმოწერებისთვის ღიაა.