Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მოძრაობა კულტურის მინისტრსა და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს


ქალთა მოძრაობა ვრცელი განცხადებით ეხმაურება მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 11 წლის წინ, ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, მასზე სისტემატურად ძალადობდა.

ქალთა აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ ნინუცა მაყაშვილს და წერენ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანი იქნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი ყოველგვარი გამართლება მკაცრად იქნება დაგმობილი:

„რამდენიმე დღის წინ, რუსთავი2-ის ეთერში, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ისაუბრა მის მტკივნეულ პირად გამოცდილებაზე, როდესაც წლების წინ, მაშინდელი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახში ძალადობა სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, საზოგადოება კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მსხვერპლებს დიდი ძალის და გამბედაობის მოკრება სჭირდებათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და საჯაროდ სასაუბროდ. ამ რეალობაში, კიდევ უფრო დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. გვჯერა, რომ მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული. ნინუცა მაყაშვილის საქმე არის გამოცდა ქართული თეატრალური საზოგადოებისათვის, ვინაიდან საქმე ეხება სწორედ აღნიშნული პროფესიული საზოგადოების წევრებს. მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, სადაც კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალს და ძალადობის მიმართ პროტესტს გამოხატავენ. იმედი გვაქვს, სოლიდარობის ამ აქტებს კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდება. სამწუხაროდ, სოლიდარობასთან ერთად ჩვენ ვნახეთ ცუდი მაგალითებიც“.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, გამოეხმაუროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, და ასევე შეაფასოს რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებები, რომლებიც მსახიობის ინტერვიუს მოჰყვა:

„მისცეს შეფასება რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელის სტერეოტიპულ, დამამცირებელ და საშიშ პოზიციას ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავეს პრობლემაზე. ისევე, როგორც იზრუნოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროებში ანტიდისკრიმინაციული და ანტიძალადობრივი პოლიტიკის და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე“.

ქალთა აქტივისტები მოითხოვენ, რომ სანამ საქმეზე გამოძიება არ დასრულდება, ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში:

„ჩვენთვის მიუღებელია ოჯახში ძალადობის საშიშ დანაშაულში მხილებული პირი, ბესო ზანგური, რომელსაც არც პასუხი უგია და არც რაიმე სინანული გამოუთქვამს, იდგეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე და ისევე აგრძელებდეს კარიერას, თითქოს არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ დანაშაულებრივი ფაქტი.

გამოძიება ოჯახში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ჯერ არ დაწყებულა. 14 აპრილს მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს და როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მხოლოდ მსახიობის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება.

ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG