Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან


მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა, ასევე იმსჯელეს მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან, როგორც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას.

ვაჟა გიგაურის ადვოკატი მოითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები კი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს, 4 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.

ბრალდებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავებიან. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

  • მუხლი 126 - ძალადობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 151 - სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 156 - ადამიანის დევნა ძალადობით - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG