Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა ნოზაძე: თუ ნამახვანჰესის პროტესტი გადაიზრდება პიკეტირებაში, ეს იქნება ხალხის პასუხი


მირზა ნოზაძე, რიონის ხეობის მკვიდრი
მირზა ნოზაძე, რიონის ხეობის მკვიდრი

რიონის ხეობის მკვიდრი, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თუ წინააღმდეგობის პროცესი პიკეტირებაში გადაიზრდება, ეს ხალხის პასუხი იქნება.

„ეს არის პასუხი ხალხის და არა ორგანიზატორების მიერ წარმოქმნილი სცენარებით განვითარებული პროტესტი. და ჩვენ ეხლაც ვეუბნებით და ყველა ჩვენს მოწოდებაში ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ შეაფასეთ პროტესტის შინაარსი დროზე და ნუ ცდილობთ პროტესტის დაცხრობას იმ ლამაზი და დავარცხნილი საუბრებით, რომ თითქოს აქ არაფერი არ ხდება და თითქოს ყველა კითხვაზე პასუხს სცემთ ისე, რომ აქ შფოთის მიზეზი არ არის და თითქოს ჩვენ ვართ ახლადგამოჩეკილი და დაბადებული ცნობიერების არმქონე საზოგადოების ნაწილი“, - განაცხადა მირზა ნოზაძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის პროცესი შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება:

„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ამ პროტესტის პრინციპულად ბოლომდე დინამიურად და რა თქმა უნდა მიუკერძოებლად და რა თქმა უნდა ობიექტურად ბოლომდე მიყვანით, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ პირველ რიგში ჩვენს თავებს და შემდეგ მთლიანად ამ ნიჰილისტურ და გაყოფილ და გახლეჩილ საზოგადოებას, რომ ბრძოლას აქვს აზრი და თუ ჩვენ ამას უბრალოდ დავთმობთ, თუ უბრალოდ წავალთ სახლებში და მოვეშვებით ამ პრობლემებზე საუბარს, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევდგებით სამოქალაქო საზოგადოებად", - აღნიშნა მირზა ნოზაძემ "დილის საუბრებში".

ქუთაისში გამართული აქციისა და ღამის გათევის შემდეგ, 15 აპრილის დილიდან "რიონის ხეობის მცველები" კვლავ გუმათში დაბრუნდნენ. გუმათში კვლავ აღმართულია "რკინის კედელი" და აქციის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ. გუმათში შეკრებილები პოლიციას მოუწოდებენ გზა გახსნას, რათა "რიონის ხეობის მცველებმა" ნამოხვანში შეძლონ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თუ პოლიცია გზას არ გახსნის, პროტესტი ფართო სახეს მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით პიკეტირებით, გზებისა და მაგისტრალების გადაკეტვით გაგრძელდება.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია მიმდინარეობს. 11 აპრილის შემდეგ აქციებმა ადგილი იძულებით შეიცვალა და ნამოხვანიდან, სადაც პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა, გუმათში გადაინაცვლა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG