Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამახვანჰესის პროექტზე დიალოგის საკითხზე 2 სამინისტრო საპატრიარქოს განცხადებას მიესალმება


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან საპატრიარქოს განცხადებას ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც სამინისტროები კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ყველა სადავო საკითხი დიალოგის რეჟიმში იქნეს განხილული.

განცხადების თანახმად, მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია და საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც, განცხადების მიხედვით, ადგილს არ ტოვებს დიალოგისა და პოზიციების დაახლოებისთვის.

„აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ორი სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში.

საპატრიარქო 14 აპრილს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, რომელშიც დაინტერესებულ მხარეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება მიეცემათ.

დღეს 16 საათიდან ნამახვანჰესის საპროტესტო აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა. აქციაზე გამოსვლისას პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მოუწოდა, დღეს ქუთაისში დარჩნენ ღამის გასათევად.

"უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ის ყველა მიღწევა, რომელიც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ", - განაცხადა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის გამართვა ქუთაისში მას შემდეგ გადაწყდა, რაც კოლონა, რომელიც აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად ქუთაისიდან გუმათისკენ დაიძრა, პოლიციის მიერ გადაკეტილი გზის გამო შეფერხდა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია მიმდინარეობს. 11 აპრილის შემდეგ აქციებმა ადგილი იძულებით შეიცვალა და ნამოხვანიდან, სადაც პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა, გუმათში გადაინაცვლა.

12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მათ შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG