Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააღდგომოდ შესაძლო შეზღუდვებზე კონსულტაციები მიმდინარეობს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებზე საუბარი არ არის, მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, - ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, იქნება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, მას შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ წინასწარ გთხოვთ და წინასწარ გეტყვით, ვიყოთ ძალიან მორიდებული და მოკრძალებული წლევანდელ აღდგომის დღესასწაულებთან მიმართებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, რომელიც ასევე შეეხებოდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია საფლავებზე ქეიფი.

„არც ეკლესიურად, სხვათა შორის, და არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ და ასევე დასძინა: „საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ არ არის ქეიფი საჭირო საფლავზე“.

კითხვაზე, როგორ განხორციელდება ამ პროცესის კონტროლი, პაატა იმნაძემ თქვა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა.

შარშან, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების ფონზე, სასაფლაოები დროებით დაიკეტა აღდგომის დღესასწაულიდან მეორე დღეს, 20 აპრილიდან.

საქართველოში აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე მისვლის ტრადიცია არსებობს და ეს დღე უქმედ ცხადდება. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 863 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1085 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 664 თბილისში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG