Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი აღმართა


გუმათში, გუმათჰესთან პოლიციამ რომელიც რიონის ხეობაში გადაადგილებას 3 აპრილიდან ზღუდავს, ღამით რკინის ბარიერებით კედელი აღმართა - ამ ადგილას წინა დღეებში ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები პოლიციის ცოცხალი ძალის წინ იდგდნენ და მათ თხოვდნენ გადაადგილების უფლების მიცემას.

უფლებადამცველი ორგანიზაციები რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის, ეკონომიკის მინისტრმა კი 13 აპრილს რიონის ხეობაში გადაადგილების და პროტესტის უფლების შეზღუდვაზე საუბარს “ანგაჟირება” უწოდა.

აქციის მონაწილეებმა 12 და 13 აპრილს ორჯერ სცადეს გუმათთან პოლიციის კორდონის გარღვევა, თუმცა უშედეგოდ. ისინი ნამახვანის მიმართულებით ფეხით აპირებდნენ გადაადგილებას, მაგრამ პოლიციამ კორდონი არ გახსნა და გააფრთხილა, რომ თუკი მოწოდებას არ დაემორჩილებოდნენ, მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გუმათში, კომპანია "ენკას" ბაზასთან გადაინაცვლა, სადაც ცადეს გადაეკეტათ შემოვლითი გზები ხეობისკენ, რომლითაც კომპანიის ტექნიკა და სამართალდამცველები გადაადგილდებიან.

გასულ ღამეს, გარდა რკინის ჯებირის აღმართვისა, პოლიციამ დააკავა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის 6 მონაწილე.

რკინის მსგავსი კონსტრუქცია 2019 წლის ნოემბერში სამართალდამცველებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზეც განათავსეს, პარლამენტთან აქტივისტების გადაადგილების შესაზღუდად.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 11 აპრილის შემდეგ აქციებმა ადგილი იძულებით შეიცვალა და ნამოხვანიდან, სადაც პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა, გუმათში გადაინაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG