9 აპრილიდან თავისუფლების 30-წლიან გზაზე ოთხი ქალის ამბავი
9 აპრილის ტრაგედიამ და ორი წლის თავზე გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ
საქართველო მთლიანად შეცვალა. გთავაზობთ ოთხი ქალის ისტორიას, რომლებზეც ამ
დღეებმა წარუშლელი კვალი დატოვა.
ესაა ისტორია ოთხ ქალზე, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე და თავისუფლების
გზაზე, რომელსაც საქართველო მას შემდეგ ადგას.
მიტინგის დარბევის დროს ეს ქალები სხვადასხვა ადგილას და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე
იმყოფებოდნენ. ზოგი მთლიანად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ზოგი კი მას
უფრო გარედან აკვირდებოდა. ზოგი იმ დროს რუსთაველის გამზირზე იყო, ზოგი
რუსთავში, ზოგსაც - ეძინა.
ამბები განსხვავებულია, მაგრამ საერთოდ ბევრი აქვს. ინდივიდუალური, პირადი
ისტორიებია, თუმცა, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანის მიერ განცდილს ეხმიანება.
ეს ისტორიები იმაზეა, თუ რა გავლენას ახდენა იმ დროის მოვლენები ადამიანებზე. ამავე
დროს, იმაზეცაა, რომ ეს ადამიანები თავად იყვნენ იმ დროის მოვლენების შემოქმედები -
სხვადაგვარი, თავისებური, განსხვავებული წვლილი შეჰქონდათ საქართველოს სვლაში
თავისუფლებისკენ.
მანამდე მეგონა, რომ საქმეს ვაკეთებდი...მერე კი ეგ შეგრძნება გამიქრა... გამოვეცალე.
ლელა კოდალაშვილი
მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი. 1989 წლის 9 აპრილს 20 წლის ლელა
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ემზადებოდა და თან ეროვნულ
მოძრაობაში იყო ჩართული.
9 აპრილის მიტინგი ჯერ არ დაწყებულიყო, მაგრამ რუსთაველზე უკვე ბლომად ხალხი
შეგროვებულიყო. ლელა მეგობრებთან ერთად კიბეებზე იჯდა. ცნობილი სიმღერების
სიტყვებს სახუმარო ტექსტით ანაცვლებდნენ და ისე მღეროდნენ. დროდადრო ვინმე
ნაცნობი გამოივლიდა, თამაშში აყვებოდა და თავადაც წაიმღერებდა რამეს. დრო
გაყავდათ, ვიდრე გამოსვლები დაიწყებოდა.
ამ დროს გვერდით მერაბ კოსტავამ ჩაიარა. გადახედა და ლელას გასაგონად დასჭექა - „რა
უნდა ამ ქალბატონს აქ? ქალბატონი უნდა წავიდეს სახლში და „ისკრაზე“ მუშაობა
გააგრძელოს!“.
„ისკრას“ ხუმრობით ეძახდა თავისივე რედაქტორობით გამომავალ არალეგალურ
ჟურნალს. გამოცემისთვის ტექსტს ლელა კოდალაშვილი კრეფდა. საბეჭდი
მანქანა მერაბმა ათხოვა. ლელა იმ დროს აბიტურიენტი იყო, ჟურნალისტიკის
ფაკულტეტზე ჩაბარება უნდოდა და სტაჟის დასაგროვებლად „პარტიულ სიტყვაში“
მუშაობდა კორექტორად. პარტიულ გამომცემლობაში მუშაობის პარალელურად,
პროკლამაციებს ამრავლებდა და ღამით ჩუმად აკრავდა ქუჩებში. თავიდან ფეხებამდე
ეროვნული მოძრაობით იყო მოცული. ერთხელ დააკავეს კიდეც. არაფერი, მალევე
გამოუშვეს, მაგრამ უსიამოვნო ნამდვილად იყო. დისიდენტობა მაშინ ეგეთი საქმე იყო -
30-იანი წლებივით საშიში არა, მაგრამ უსიამოვნო - ტელეფონს უსმენდნენ, ფოტოებს
გიღებდნენ, დროდადრო გაწიოკებდნენ...
მერაბ კოსტავას მაშინ ალბათ ტექსტის ბეჭდვა ნაკლებად აღელვებდა და უფრო პატარა
გოგოს სახლში გასტუმრება უნდოდა. თუმცა, ლელამ ცხადია არ დაუჯერა და მიტინგზე
დარჩა. ყველა იქ იყო. თან, საშიშროებას ვერ გრძნობდა. არც მაშინ უფიქრია საფრთხეზე,
როდესაც ერთ-ერთმა იმ მილიციელმა ჩაუარა, ადრე რომ დააკავა. იმან იცნო, მივიდა და
უთხრა - დღეს სჯობს სახლში წახვიდეო. ლელას არც კი დაუშვია, რომ მილიციელი
გულწრფელად აფრთხილებდა.
როდესაც დარბევა დაიწყო, მხატვრის სახლის შესასვლელთან იდგა. ერთ-ერთი პირველი
იყო, რომელიც ნაკადმა პირდაპირ შიგნით შეაგდო. ბრბომ მეორე სართულზე,
ფანჯარასთან მიიტანა და მერე რუსთაველზე მომხდარ სასაკლაოს მანდედან უყურებდა.
თვალებით ლიდერებს ეძებდა - მერაბს, ზვიადს, გიას და სხვებს. დღეს ამბობენ, რომ
გაიქცნენ და ხალხი მიატოვესო - იხსენებს ლელა. ტყუილია, ბრბოში ხან ერთს
გამოვარჩევდი, ხან კი - მეორესო.
სახლში უთენია შეიპარა და ტანსაცმლიანად ლოგინში შეწვა. მშობლებს არც გაუგიათ,
ღამით შინ რომ არ ყოფილა.
1991 წლის 9 აპრილს ლელა უკვე იმედგაცრუებული შეხვდა.
„მანამდე მეგონა, რომ საქმეს ვაკეთებდი, როდესაც მეგობართან ერთდ ღამით
პროკლამაციებს ვაკრავდი. მერე კი ეგ შეგრძნება გამიქრა. ვეღარ ვგრძნობდი, რომ იმ
საქმეში პატარა კენჭის დადებაც კი შემეძლო. გამოვეცალე“ .
მახსოვს ეს ინფანტილური განცდა იმისა, რომ... ახლა თავისუფალი საქართველო იცხოვრებს ისე, როგორც
მოუნდება
ნინო დანელია
მკვლევარი, მასკომუნიკაციის სპეციალისტი, აქტივისტი. 1989 წლის 9 აპრილს 16 წლის
ნინო სკოლის მოსწავლე იყო და ხშირად გაკვეთილებს აცდენდა, მიტინგს რომ
დასწრებოდა.
1988 წელს, როდესაც საქართველოში პირველი დიდი მიტინგები დაიწყო, ნინო დანელია
მერვე კლასში იყო. პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა და, შესაბამისად, ყველაზე
მნიშვნელოვანი თავყრილობები მისი სკოლის გარშემო ხდებოდა. მთელი მისი
კლასისთვისაც მთავარი სალაპარაკო, განსასჯელი და საფიქრალი ქვეყნის ბედი და
ეროვნული მოძრაობა იყო.
სკოლას, ცხადია, ეს გულზე დიდად არ ეხატებოდა. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ
ბავშვები მიტინგზე არ გაპარულიყვნენ. შესასვლელი კარი მუდამ დაკეტილი იყო და,
ზარის დარეკვის შემდეგ გარეთ არავის უშვებდნენ. თუმცა, თინეიჯერები მაინც
ახერხებდნენ მიტინგზე გაძრომას და მერე კლასში ერთად განიხილავდნენ, რომელმა
გამომსვლელმა რა ილაპარაკა, ხალხი როგორ შეხვდა გამოსვლას და რომელი სიტყვა
მოეწონათ ყველაზე მეტად.
მგზნებარე გამოსვლებსა და ამაღელვებელ სიტყვებზე მეტად ნინოს იმ დროის განწყობა
ახსოვს - ერთიანობის, მშვიდობის და სიკეთის. აი, თუნდაც ის, რომ მიტინგს
დროდადრო ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ჯგუფები უერთდებოდნენ -
დროშებით და ტრანსპარანტებით და ეს ყოველთვის საგანგებოდ, ტაშით და
შეძახილებით აღინიშნებოდა. რუსთაველზე შეკრებილები ხვდებოდნენ რომ ეს
ლოკალური კი არა, საყოველთაო პროტესტი იყო. რომ მთელი საქართველო იქ იდგა.
ნინოსთვის განსაკუთრებით საოცარი ამბავი იყო ისიც, რომ მიტინგებზე არასოდეს
არაფერი იკარგებოდა. უპატრონო ნივთს ვინც ნახავდა მაშინვე ტრიბუნასთან მიჰქონდა
და იქ მერე აცხადებდნენ - ნაპოვნია ესა და ეს, მოდით და მოაკითხეთო.
9 აპრილის ღამეს მშობლებმა სახლში დატოვეს. ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია
რომ ჩვენ ვიყოთ იქო.. დარბევის დროს ნინოს ეძინა.
მეორე დილით გარეთ გამოსულს ქუჩაში ტანკები დახვდა.
თუმცა, მიტინგებზე გაჩენილი ის ერთიანობის გრძნობა კი არ გაქრა, უფრო გამყარდა.
ყველგან იდგა ხალხი, ვისაც გლოვის ნიშნად შუბლზე ან ხელზე შავი ლენტი ეკეთა.
„თითქოს ამით ვცნობდით ერთმანეთს. ვესალმებოდით. ვუსამძიმრებდით“ - იხსენებს
ნინო.
მიტინგის საჭიროებებისთვის შეგროვილი ფული დარბევისას დედამ სადღაც მიაკარგა
და მაგას დარდობდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფული არ დაკარგულა - მალევე იპოვეს და
სამგლოვიარო ყვავილები იყიდეს. იხსენებს, რომ იმ დღეს ტაქსის მძღოლმა,
ტრანსპარანტებიან და დროშებიან მგზავრებს ფული არაფრით გამოართვა.
1991 წლის 9 აპრილის დღე ნინოსთვის სწორედ ასეთი, ერთიანი საქართველოს
ბუნებრივი გაგრძელება იყო. ტელევიზორში უყურებდნენ ზვიად გამსახურდიას,
რომელიც აცხადებდა, ამიერიდან ოფიციალურად ვცხოვრობთ დამოუკიდებელ
საქართველოშიო.
„მახსოვს ის დიდი სიხარული, მახსოვს ეს ინფანტილური განცდა იმისა, რომ ახლა
ყველაფერი დამთავრდა. ახლა თავისუფალი საქართველო იცხოვრებს ისე, როგორც
მოუნდება. იმიტომ რომ ამ ქვეყნის ყველა შვილი არის ძალიან კეთილი, არის ძალიან
ჭკვიანი, არის ძალიან შრომისმოყვარე და ბუნებრივია, რომ ყველა ეცდება, რომ ეს
ქვეყანა ფონს გაიყვანოს“ - ამბობს ნინო.
ამ გრძნობამ, ცხადია, მალევე გაუარა. მაშინ, როდესაც საქართველოს პირველი
პრეზიდენტი დამოუკიდებლობას აცხადებდა, რღვევის პროცესები უკვე კარგა ხნის
დაწყებული იყო. რამდენიმე თვეში რუსთაველის გამზირზე ქართველებს უკვე
ქართველები დახოცავდნენ.
ტრაგედიამ ძალიან დიდი ბიძგი მისცა ჩემს მოქალაქის ცნობიერების განვითარებას. თითქოს გამოვფხიზლდი.
რუსიკო კობახიძე
ფილოლოგი, პედაგოგი, საბჭოთა მემკვიდრეობის მკვლევარი. 1989 წლის 9 აპრილს 25
წლის რუსიკო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი იყო.
რუსიკო კობახიძე თვლის, რომ 1989 წლის 9 აპრილამდე ეძინა. 25 წლისა იყო და
შეგუებული იყო, რომ მთელ ცხოვრებას გალიაში გაატარებდა.
მშვენივრად იცოდა, რომ არც არჩევანის თავისუფლება ჰქონდა, არც სიტყვის
თავისუფლება, არც სინდისის თავისუფლება და არც გადაადგილების თავისუფლება.
იცოდა, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ არ განიცდიდა. ეგეთი ცხოვრება იყო. რა გინდა, რომ
ქნა.
საპროტესტო აქციებზე რამდენჯერმე მივიდა. თუმცა, თავს უფრო მაყურებლად
მიიჩნევდა, ვიდრე მონაწილედ. უკვირდა, რომ ადამიანები ხმას იღებდნენ და პროტესტს
გამოთქვამდნენ. პროტესტი თავადაც ჰქონდა, მაგრამ, როგორც ამბობს, ჩლუნგი. არც კი
უშვებდა, რომ კედელი ოდესმე დაინგრეოდა. განწირული იყო იმისთვის, რომ ციხე-
სახელმწიფოში მოუწევდა ცხოვრება.
თუმცა, ასევე ახსოვს, რომ მიტინგზე შიში იგრძო. რომ ეს ასე არ დამთავრდებოდა. რაღაც
ცუდი მოხდებოდა.
იმ ღამეს, როდესაც ეს „რაღაც ცუდი“ მოხდა, ეძინა. ღამის სიჩუმე საშინელმა ხმამ
გაკვეთა. „ბავშვები მოკლეს!“ - ღრიალებდა ვიღაცა ქუჩაში.
ამ ღრიალმა გააღვიძა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
მანამდე გონებით იცოდა, რა იყო სწორი და რა - არა, მაგრამ გული არ მიყვებოდა.
ამჯერად კი მომხდარმა, ამ საშინელმა უსამართლობამ ემოციაც გააღვიძა.
„ძალიან მძაფრად განვიცადე. ტრაგედიამ ძალიან დიდი ბიძგი მისცა ჩემს მოქალაქის
ცნობიერების განვითარებას. რაღაცნაირად თითქოს გამოვფხიზლდი.“ - იხსენებს.
რუსიკო ფიქრობს, რომ განწყობა მხოლოდ მას არ შეცვლია. იმ დღის, 9 აპრილის მერე
ქვეყანაში უკვე სხვა ჰაერი იდგა. იგრძნობოდა, რომ მიუხედავად მსხვერპლისა - უფრო
სწორად, ალბათ სწორედ ამ მსხვერპლის გამო - მონსტრთან ბრძოლაში საქართველო
იმარჯვებდა. თუმცა, ამისგან მიღებული დადებითი ემოციები ან სიხარული არ ახსოვს.
უფრო ბრძოლის და პროტესტის ჟინი.
განსაკუთრებული აღტკინება არც 1991 წლის 9 აპრილს უგრძვნია. უფრო - ეჭვნარევი
სიხარული. ეჭვი კი იმისა ჰქონდა, რომ საქართველო მენტალურად ჯერ კიდევ საბჭოთა
ქვეყანა იყო. „გასაგებია, რომ მოვიპოვეთ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მაგრამ
განვთავისუფლდით კი საბჭოთა კავშირისგან?“ - ასე ფიქრობდა.
მაშინ მისთვის ჯერ არ იყო ნათელი, თუ რამხელა მოვლენა მოხდა. რომ რეფერენდუმით,
დამოუკიდებლობის გამოცხადებით, საქართველომ ოფიციალურად გააფორმა ბრძოლაში
გამარჯვება.
თუმცა, იმ დროს ეს მართლაც რთული დასანახი იქნებოდა. საქართველო ხომ უკვე ახალ
ბრძოლაში იყო ჩართული, რომელშიც აუცილებლად დამარცხდებოდა, რადგან საკუთარ
თავს ეომებოდა.
მთელს საქართველოს ბოდიშს ვუხდი, რომ ის საქართველო ვერ მოვიტანე, რომელიც უნდა მომეტანა.
თამარ ცნობილაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1989 წლის 9 აპრილს 24 წლის თამარი ისტორიის
პედაგოგად მუშაობდა და “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრი იყო.
ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციები მხოლოდ დედაქალაქში
კი არა, ყველგან უნდა ჩატარებულიყო. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა მსურველი
თბილისში ვერ ჩავიდოდა.
თამარ ცნობილაძე რუსთავის საგაფიცვო კომიტეტის წევრი იყო. სახლში უშლიდნენ -
ეშინოდათ, მაგრამ, დასთან ერთად, ყოველთვის იქ იდგა ხოლმე, სადაც მიაჩნდა, რომ
უნდა ყოფილიყო.
დღეს იქ ქვემო ქართლის ტელევიზიის ოფისია. მაშინ, 1989 წელს, მშენებარე სასტუმრო
იყო. აპრილის დასაწყისიდან მანდ დააწყვეს ლეიბები, ტრანსპარანტები გაშალეს და
შიმშილობა დაიწყეს. დღის განმავლობაში ბლომად ხალხი მიდიოდა ხოლმე, თუმცა,
ღამით კანტიკუნტად, ყველაზე მონდომებულები რჩებოდნენ.
9 აპრილის ღამეს იქ იყვნენ, როდესაც თამარის კლასელმა თბილისიდან ამბავი
ჩამოიტანა - მიტინგი დაარბიეს, ხალხი დახოცესო.
დაუჯერებელი იყო.
„რას ამბობ, გია! მოგისყიდა სუკმა?“ - უყვიროდა ამბის ჩამომტანს.
თუმცა, ძალიან მალე, რამდენიმე ტანკი თბილისიდან რუსთავისკენ დაიძრა. ღამის
სიჩუმეში მათი ბღუილი შორიდანაც ისმოდა.
დემონსტრანტებთან რუსთავის მილიციის უფროსი მივიდა. შვილებო ადექითო - უთხრა.
აქაც მოვლენო.
სიტყვით ვერაფერს გახდნენ. ძალის გამოყენება არ უნდოდათ. ბოლოს, აქცია
მოხერხებით დაშალეს - ხელკეტებს აქეთ-იქით სწრაფად იქნევდნენ და ახალგაზრდებს
ასე უახლოვდებოდნენ - ინსტიქტურად რომ უკან დაეხიათ. შემდეგ კი, როდესაც
ადგილი გაათავისუფლეს, სახანძრო მანქანის წყლის ჭავლით სწრაფად მორეცხეს
ლეიბები და ტრანსპარანტები - კვალი რომ გაექროთ.
რამდენიმე ბიჭმა ის ღამე მილიციაში გაატარა. თამარი ფიქრობს, რომ დასასჯელად კი
არა, პირიქით, ხიფათისგან დასაფარად წაიყვანეს. საკანში რა მოხდა არ იცის, თუმცა, ის
კი ნახა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ დაკავებულები და მილიციელები ერთად ისხდნენ
რესტორანში და საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ.
თამარი დღემდე მადლობელია რუსთავის მილიციის და აფასებს იმ ღამით მათ მიერ
გამოჩენილ ადამიანობას. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში გადარჩენის სიხარული არ
უგრძვნია. პირიქით. უფრო იმას დარდობდა რატომ მეც არ მოვიწამლე თბილისში
დემონსტრანტებთან ერთად. რატომ მეც არ მომხვდა ის ტყვიაო. „იცით რამდენი
ნატრობდა ამას. რომ, როგორ? რატომ ისინი? როგორ იკადრეს ან როგორ გაბედეს? ასეთი
კითხვები გვქონდა.“ - იხსენებს თამარი.
თუმცა ყველაზე დიდი დარდი უშუალოდ 1989 წლის 9 აპრილს კი არა, შემდგომ დღეებს
და თვეებს შეეხება.
„ბოდიშს ვუხდიდი ხოლმე იმ სტუდენტებს, ვისაც ლექციებს ვუკითხავდი. ეხლაც კი
მინდა ბოდიში მოვიხადო. მთელს საქართველოს ბოდიშს ვუხდი, რომ ის საქართველო
ვერ მოვიტანე, რომელიც უნდა მომეტანა“.
ეს ბოდიში რამე კონკრეტულ ქმედებას კი არა, ზოგად ვითარებას შეეხება. პერიოდს,
როდესაც 9 საქართველომ 9 აპრილს დაგროვილი ერთიანობისა და სიყვარულის მუხტი
ერთბაშად, უეცრად და გულდასაწყვეტად გაფლანგა.