ვიოლეტა ინასარიძე - ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა. ამას პროკურატურა ამბობს და დასძენს, რომ მას ბრალი ცრუ ჩვენებისთვის უკვე წაუყენეს.
"ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები... თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვილოეტა ინასარიძე ყველა მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ გაუწიეს. მათ შორის იხსენებდა, რა გააკეთა უშუალოდ თვითონ. მაგალითად, 20 მარტს მედიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება:
"20-25 წუთში შეუძლოდ გახდა - ზოგადი სისუსტე და ქავილი, თითქოს, მექავებაო. მაშინვე, იქვე მაქვს [ადრენალინი], რა... ძალიან შიში გვაქვს და გვეშინია ამ ახალი ვაქცინის. მაშინვე - აი, ამას ვადასტურებ - მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა. მაშინვე. ადრენალინი. მითხრა, თუ არა, რამდენიმე წამებში. მე პირადად გავუკეთე..."
ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად ბრალი კიდევ ერთ ექიმსა და ერთ ექთანს აქვს წაყენებული. მათ გამოძიება, თავდაპირველად, არასწორი, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ყველა მათგანს 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".
მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.