Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“, ქართული კინოს შედევრსა და მის ლიტერატურულ პირველწყაროზე საუბარს გთავაზობთ. იგულისხება ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ და მისი პირველწყარო, რევაზ გაბრიაძის მიკრორომანი „უცხო ჩიტი“, რომელიც ბოლო რედაქციით „შერეკილების“ სათაურით გამოსცა ჩვენი დროის ამ უნიჭერესმა მწერალმა, დრამატურგმა, მხატვარმა და რეჟისორმა. მწერლობაში რევაზ გაბრიაძე გენიალური დავით კლდიაშვილის კანონიერი მემკვიდრეა, რომელსაც გაძლიერებული აქვს ლიტერატურული წინაპრის იუმორისა და ჰუმანიზმის ხაზი. „შერეკილები“ ბილდუნგსრომანია, იგი გმირის ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. ერთაოზი, „ჩვეულებრივი ბიჭი“, ზუსტად ისევეა ჩვეულებრივი, როგორც თომას მანისეული ჰანს კასტორპი, რომელსაც მოულოდნელ ტალანტებს გააჩენინებენ მთის გიგანტები. თუკი ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ბიჭი მთაზე განისწავლა, ჩვენი ერთაოზი ჭურში იღებს განათლებას. მწერალი დიდოსტატურად აცოცხლებს „ჭურში ჯდომის“ მეტაფორას და მასწავლებელ-მოსწავლეს ამ შეზღუდულ სივრცეში ახვედრებს ერთმანეთს. ქრისტეფორეს ტყუილად კი არ ჰქვია „უფლის მატარებლის“ სახელი, მისი ვერტიკალური სიყვარული და ენერგია ოკრიბელი მიზანას შთამომავალს სამყაროს მარადიულ ასტრონავტად გადააქცევს. როგორ მოხვდა ერთაოზი ქალაქში, სადაც უყვარდათ სიტყვები: „გენიოზი“, „გრადუზი“ და „ესენცია“; რა იყო ობერკონდუქტორ ტრიფონის სიცოცხლის არსი; იყო თუ არა „იმნაირი“ „ერთი უქორწილოდ მოყვანილი ქალი“ მარგალიტა ამყოლაძე; რა აკავშირებდა ერთმანეთთან ხუტა ოდიშარიასა და ნოშრევან კუჭუხიძეს; რა არის „ხონური ღიმილი“; რა პრინციპმა აიყვანა ზეცაში ცათმფრენი „თამუნია“ და რატომ უდრის სიგრძე სიყვარულს, ხოლო სიგანე – რწმენას,– ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG