ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონოდ განთავსების გამო, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კლინიკას 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ ქალის უფლებებს ეს ორგანიზაცია იცავდა, ინფორმაციაც მათ გაავრცელეს.
"ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ქალის კლინიკაში მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა, ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში.
"აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი - მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.