Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას


პოლიციელები არკვევენ თბილისში, სასტუმრო „ვინოტელში“ მყოფ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები არღვევენ თუ არა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეგულაციებს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ვითარებაში გარკვევის შემდეგ მედიას ამ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თავად ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. გარდა ამისა, ის არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

შსს-ს ცნობით, საქართველოში საზღვრის გადმოკვეთისას კი ჩამოსულთა ნაწილმა მთავრობის დადგენილების შესაბამისად წარმოადგინა კოვიდპასპორტი, ნაწილს კი ჰქონდა საბუთი PCR-ტესტის ჩატარების შესახებ.

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად დაბადების დღის აღნიშვნას (1 აპრილს) ასახელებს.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც სასტუმრო „ვინოტელთან“ იმყოფებიან, მოითხოვენ, რომ ვლადიმირ პოზნერმა დატოვოს საქართველო.

„ევროპული საქართველოს“ წვერის გიორგი კანდელაკის თქმით, „ვლადიმირ პოზნერი არის კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი სახე. შეიძლება ითქვას - ვეტერანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა საქართველოს ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის მხარდაჭერით. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის და იმ სასაკლაოს მხარდამჭერია, რაც რუსეთმა გააჩაღა ბოლო წლებში უკრაინის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ასეთი არასასურველი პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება არის უკვე განაცხადი“.

კანდელაკის შეფასებით, მთავრობას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი პოზნერის საქართველოში არშემოშვების. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, დიდი განსხვავება გავრილოვსა და ამ პირს შორის არ არის.

„გავრილოვი იყო მონაწილე აფხაზეთში ომისა, ეს პიროვნება იყო პროპაგანდისტი მთელი 80-იანი და 70-იან წლებშიც კი“, - ამბობს გიორგი კანდელაკი.

აქციის მონაწილეები აგრეთვე აცხადებენ, რომ რუსეთიდან ჩამოსულმა პირებმა დაარღვიეს კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები, ამასთან, მათი თქმით, ისინი მოაცილა პოლიციის ესკორტმა.

XS
SM
MD
LG