ამერიკელი დიპლომატები, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირის კეთილშობილური, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო ძალისხმევა აშშ-მა უნდა განამტკიცოს.
გამოცემა The Bulwark-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კრამერი და კელი წერენ, რომ საქართველო, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად, არასტაბილურ, ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის ზღვარზეა.
ამერიკელი დიპლომატების შეფასებით, თუ საქართველოს პოლიტიკური ძალები კრიზისს ვერ მოაგვარებენ, არსებობს იმის რისკი, რომ ქვეყანა დაკარგავს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი დასავლეთის მხარდაჭერას. კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ აშშ-მა, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენა აქვს, ხელი უნდა შეუწყოს კომპრომისის მიღწევას.
დიპლომატები წერენ, რომ აშშ საქართველოს წლების განმავლობაში უწევს დახმარებას და ამ მხარდაჭერას საფრთხე შეუქმნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, შტურმით აეღო წამყვანი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და დაეპატიმრებინა მისი ლიდერი ნიკა მელია.
კელი და კრამერი ხაზს უსვამენ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა მელიას დაპატიმრებას, მათ შორის რუსი დეპუტატის გავრილოვის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციას, მელიას დაპატიმრებაზე უარის შემდეგ პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომას და აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი შეფასებით, რუსეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრმა ივანიშვილმა მელიას დასაპატიმრებლად პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილი დააყენა.
ამერიკელი დიპლომატები საუბრობენ ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტსა და მის ერთპარტულობაზეც, რითიც საქართველო იზიარებს ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, ვიეტნამის და კუბის არასახარბიელო თავისებურებას.
კელი და კრამერი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიის გზაზე საქართველოს დასაბრუნებლად „ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობით, უნდა მოძებნონ კომპრომისი, რომელიც შეუძლებელია, როცა ერთ მხარეს დაპატიმრებული ჰყავს მეორე მხარის ლიდერი.
ამერიკელი დიპლომატების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა სახის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშეა, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის, მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანის გამო.