ევროპის პარლამენტის წამყვანი წევრები ახალ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, "გვერდით გადადონ პარტიული ინტერესები". დეპუტატები მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლიტიკურ ვითარებაში უკვე არსებული დაძაბულობის გამწვავებისგან.
"ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ გვერდით გადადონ პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, კონსტრუქციულად, კომპრომისის და შერიგების სულისკვეთებით იმუშაონ კრიზისის გადასაჭრელად და თავი შეიკავონ პოლიტიკურ ვითარებაში არსებული დაძაბულობის გამწვავებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების სტაბილურობა ყველანაირ ძალისხმევად ღირს. ჩვენ მძლავრად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მხრიდან გაგრძელებულ საშუამავლო ძალისხმევას, რომელსაც ხელმძღვანელობს კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საგანგებო წარმომადგენელი. პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებთ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც კვლავაც შესაძლებელია, და დისკუსიის ყურადღების ცენტრში მოაქციონ საქართველოს მოქალაქეები და მათი ინტერესები. გვწამს, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი უპასუხებს თავის ვალდებულებას და ამჟამინდელ კრიზისს გამოსავალს მოუძებნის. ევროპის პარლამენტი, პარტიული ხაზების მიღმა, ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს მიერ არჩეულ გზას ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ამ გზაზე სვლის გასაგრძელებლად ქვეყანას სისტემატურად აღმოვუჩენდით პოლიტიკურ მხარდაჭერას. მაგრამ ხელშესახები პროგრესის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საქართველოს პოლიტიკაში ანტაგონიზმს და პოლარიზაციას ჩაანაცვლებს კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები რეალურად შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას. მზად ვართ საქართველოს დახმარება აღმოვუჩინოთ ამ რთულ ვითარებაში. როგორც კი პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, მზად ვიქნებით განვახორციელოთ ევროპის პარლამენტის დემოკრატიის მხარდამჭერი ზომების მთელი სპექტრი".
განცხადებას ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე
მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი
ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით
სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში
მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში
პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად. ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოში ამ მიზნით, პირველი ვიზიტი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა, რაშიც მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. დანიელსონი შეხვედრებს მართავს პოლიტიკურ ძალებთან, ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.