Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: მეგი ბაქრაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას იყო ცოცხალი


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ 28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ არასტაბილური ჰემოდინამიკით, მართვითი სუნთქვით და სამბალიანი კომით, ატონია-არეფლექსიით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა იყო და იყო შეუქცევადი, ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი რამოდენიმე საათში“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება, კლინიკაში შეყვანისას კი პაციენტს გულისცემა ჰქონდა და ასევე მეგადოზებით იყო შენარჩუნებული არტერიული წნევა.

ლევან რატიანი აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევებით, მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონია და არც კორონავირუსი დაუდასტურდა.

28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ამასთანავე მეგი ბაქრაძის მეგობრები იყვნენ, ამბობენ, რომ ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდგომ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კლინიკა „იმედში“ „პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო“.

ადვოკატის განცხადებით, კლინიკა „იმედის“ თანამშრომლებისა და მეგობრების მიმოწერა, მეგი ბაქრაძის ტელეფონში ინახება.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

XS
SM
MD
LG