Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი ამბობს, რომ ექთანი ახალციხეშივე პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო


28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ამასთანავე მეგი ბაქრაძის მეგობრები იყვნენ, ამბობენ, რომ ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდგომ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კლინიკა „იმედში“ „პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო“.

ადვოკატის განცხადებით, კლინიკა „იმედის“ თანამშრომლებისა და მეგობრების მიმოწერა, მეგი ბაქრაძის ტელეფონში ინახება.

მისივე თქმით, მედპერსონალი ამბობს, რომ მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ იძლეოდა აცრის გაკეთების საშუალებას:

„კლინიკა „იმედის“ ბავშვთა განყოფილების ოთხი თანამშრომელი, რომლებიც, ამასთანავე, მეგი ბაქრაძის მეგობრები იყვნენ, აკეთებენ განცხადებებს, რომ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ვაქცინაციას და აგრეთვე აკეთებენ განცხადებას, რომ მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანამდე, პრაქტიკულად იყო გარდაცვლილი და მისი გადაყვანა კლინიკა „იმედიდან“ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზით, რომ კლინიკა „იმედს“ არ დაბრალებოდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება. არიან თუ არა გამოკითხულნი ეს მოწმეები, ჩვენ არ ვიცით, რადგან არ გვაქვს საქმის მასალები და საერთოდ არ ვიცით, ვინ არიან გამოკითხულნი ამ საქმეზე. ყველა ეს ინფორმაცია წარმოდგენილია მეგი ბაქრაძის ტელეფონში არსებულ მიმოწერაში [სამსახურებრივი „ჩატი“]. ისინი არიან ის პირები, ვინც შეესწრნენ მეგი ბაქრაძის მკურნალობის ყველა სტადიას, მას შემდეგ, რაც მეგის, სავარაუდოდ, განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი და თვლიან, რომ არ გაკეთდა საკმარისი მეგის გადასარჩენად“.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა გამოძიებას მიმართეს სწორედ ამ ოთხი მოწმის გამოკითხვის შუამდგომლობით.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

*სათაურში ჩამატებულია სიტყვა "პრაქტიკულად". ინფორმაციის სიზუსტისთვის.

ამავე თემაზე:

XS
SM
MD
LG