Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიკური სიტუაცია შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით - ინტერვიუ ლევან ნატროშვილთან


ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას და ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის 7-დან 4-მდე შემცირებას. ცვლილებები „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისათვის არ არის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა, 113 დეპუტატი. რას ემსახურება შექმნილ ვითარებაში პროექტის ინიცირება და რა პერსპექტივა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს? რადიო თავისუფლების შეკითხვებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი პასუხობს.

რადიო თავისუფლება: ბატონო ლევან, რამდენად დროულია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მაშინ, როდესაც პარლამენტში ამ ცვლილებების მისაღებად აუცილებელი 113 ხმის შეგროვება ამ ეტაპზე შეუძლებელია?

ლევან ნატროშვილი: კომიკური ვითარება შეიქმნა პარლამენტში. ცვლილებების ინიცირება ფაქტობრივად უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც შედგებოდა გარკვეული შეთანხმება პარტიებს შორის და ოპოზიციონერების უმრავლესობა, რომელთაც მანდატები ეკუთვნით, პარლამენტში შევიდოდა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ დარეგისტრირებულიყო ასეთი ცვლილება, ვინაიდან ვიცით, რომ მას [ოპოზიციაში] მხარდამჭერები ჰყავს.

რადიო თავისუფლება: იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პარლამენტში „შეტყუების“ კიდევ ერთი მცდელობაა?

ლევან ნატროშვილი: არის ალბათ. ალბათ გარკვეული იმედი აქვს მმართველ პარტიას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ შევიდეს პარლამენტში მუდმივად, ან დროებით მაინც ამ პროექტის მხარდასაჭერად. არის მეორე ვარიანტიც, რომ მმართველმა პარტიამ იცის, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და პროექტის ჩავარდნა მათ დაბრალდებათ. შესაძლოა ეს იყოს სტრატეგია.

რადიო თავისუფლება: ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 96 დეპუტატია. რა პერსპექტივას ხედავთ იმისთვის, რომ მოიძებნოს მინიმუმ 17 დეპუტატი, რომელიც დათანხმდება კენჭისყრაში მონაწილეობას?

ლევან ნატროშვილი: რთული საპროგნოზოა, მაგრამ იმ კონფიგურაციით, რაც ვიცით, 17 დეპუტატი არ გამოდის არანაირად მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე. ვგულისხმობ თუნდაც ერთჯერადად შესვლას. ჩვენ მოვისმინეთ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებისგან, რომ შეიძლება ერთჯერადად მხარდაჭერა მათი მხრიდან დაფიქსირდეს. ასევე შეიძლება „გირჩის“ დეპუტატებმა დაუჭირონ მხარი. ისინი ხშირად აფიქსირებენ ხოლმე, რომ მათთვის მთავარი ეს საკითხია. თუმცა საბოლოო ჯამში 17 დეპუტატის მოგროვება არის პრობლემური. რაღაცა ნაწილი მაინც იმ პარტიებიდან უნდა შევიდნენ, რომლებიც ყველაზე ხისტ პოზიციას იკავებენ. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“. "ლელოსაც" პრინციპში არ უთქვამს, რომ ამისთვის შევა პარლამენტში. აქედან გამომდინარე ალბათ ძალიან გაჭირდება, მაქსიმუმ შეიძლება რამდენიმე დეპუტატი შევიდეს, 17 ზედმეტად ბევრი ჩანს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების არსს, ანუ 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას. როგორ ფიქრობთ, რატომ 3% და რა იქნებოდა ოპტიმალური ბარიერი?

ლევან ნატროშვილი: 3%, ჩემი აზრით, სუბიექტურად, იქნება საკმაოდ ოპტიმალური. იქიდან გამომდინარე, რომ 5% მოჩანს საკმაოდ მაღალ ბარიერად, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა საარჩევნო ბლოკები აღარ იქნება დაშვებული და მცირე პარტიები ვერ დაჯგუფდებიან იმისთვის, რომ გადალახონ ეს ბარიერი. ამ შემთხვევაში მათ ან გაქრობა ემუქრებათ ან უნდა ინტეგრირდნენ, შეერთდნენ სხვა პარტიებთან რომ გამსხვილდნენ, რაც შეიძლება ბევრი პარტიისთვის პრობლემა იყოს. ამიტომ 5% მაღალია, 3% კი ძალიან დაბალიც არ არის. საუბარი იყო ბუნებრივ ბარიერზეც, სადღაც 0.7%-ის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაბალია და იმდენად ფრაგმენტირება მოხდება მანდატების, რომ გრძელვადიანად თუ შევხედავთ, შეიძლება რაღაც ეტაპზე გაგვიჭირდეს ზოგადად მთავრობის ჩამოყალიბება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სამპროცენტიანი ბარიერი ალბათ გონივრულად აბალანსებს ორ მთავარ პრინციპს. ეს არის, ერთი მხრივ ის, რომ წარმომადგენლობითობის პრინციპი არ დაზიანდება და ამავე დროს ძალიან მცირე მხარდაჭერის პარტიები ვერ მოხვდებიან პარლამენტში. ამის ხარჯზე უფრო მეტი ალბათობა იქნება იმის, რომ სახელისუფლებო კრიზისი არ შეიქმნება.

XS
SM
MD
LG