Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ეს არის მისი პირველი კომენტარი, რომელიც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს მისცა. გახარია "TV პირველმა" და "ფორმულამ" ჩაწერეს.

"უამრავი ჭორი დადიოდა. არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, პოლიტიკიდანაც წასვლას არ ვაპირებ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა", - განაცხადა გახარიამ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. მან მიზეზად დაასახელა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. მის გადადგომამდე მელიას დასაკავებლად მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო".

ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ გახარია პარტიის შესაქმნელად ემზადება. მედიაში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ახალი პარტია შესაძლოა, "ქართული ოცნების" სიაში მის მიერ ჩასმული კადრებით დაკომპლექტდეს, დაფინანსება კი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან მიიღოს.

XS
SM
MD
LG