Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება


ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შევიტყვეთ, მათგან, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც არის ის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი. ეს არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნეს „ასტრაზენეკაას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილოება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ექთნის, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევის შესახებ. როგორც გამყრელიძე ამბობს, ამჟამად მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

გამყრელიძის თქმით, დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 12:15 წუთზე აიცრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. 27 წლის ქალი, რომელიც, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ანამნეზის მიხედვით, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს.

„სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, უფრო გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას", - თქვა გამყრელიძემ.

ახალციხის შემთხვევის შესახებ ტიკარაძემ თქვა, რომ სწორედ, ეს იყო საბჭოს მთავარი განსახილველი თემა. მიღებული გადაწყვეტილებით, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას.

„რეგულირების სააგენტო დღის ოთხ საათზე უკვე იქ იმყოფებოდა კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური მოკვლევა და შესწავლა გატარებული ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს და ისინი დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, რატომ იყო და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ექთანი გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

როგორც ტიკარაძე ამბობს, ექიმების მულტიპროფილური გუნდი გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა.

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3 054 წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG