Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMA-ს ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი


ევროპის სამედიცინო სააგენტო (EMA) ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ 18 მარტს ითქვა ექსპერტთა ჯგუფის რიგგარეშე კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგად ადამიანებში განვითარებული თრომბის ანალიზის შედეგად ჩვენი ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტები მივიდნენ სამეცნიერო დასკვნამდე, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა“, - განაცხადა ემერ კუკმა, ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ხელმძღვანელმა.

ამასთან EMA-ს ექსპერტები საბოლოოდ ვერ გამორიცხავენ თრომბის იშვიათ შემთხვევებთან ვაქცინის კავშირს, რის გამოც, ემერ კუკის თქმით, დაწყებულია დამატებითი გამოკვლევა ამ პრობლემის შესასწავლად.

EMA-ს განცხადებაში, რომელიც სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია:

  • სარგებელი, რომელიც მოაქვს ვაქცინას COVID-19-ის ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში, (რომელიც თავის მხრივ ასევე უკავშირდება თრომბის, მათ შორის შესაძლო ფატალურ, შემთხვევებსაც) გაცილებით მეტია, ვიდრე გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული რისკები;
  • ვაქცინა არ არის ასოცირებული სისხლის შედედების (თრომბოემბოლიური მოვლენების) გაზრდის საერთო რისკთან იმ პაციენტებში, ვინ იცრება;
  • ვაქცინის კონკრეტულ სერიებთან ან მისი დამზადების კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემების მტკიცებულება არ არსებობს;
  • მიუხედავად ამისა, ვაქცინა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, რომელსაც ახლავს თრომბოციტოფენია, ანუ სისხლში თრომბოციტების, ნაკლებობა, რომელიც მიმდინარეობს სისხლდენით ან მის გარეშე, მათ შორის იშვიათ შემთხვევაში სისხლის შედედებით ტვინიდან გამომავალ სისხლძარღვებში;

ამ განცხადების ფონია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრის შეაჩერება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თრომბის გაჩენის შემთხვევის გამო აცრები დროებით შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ასევე ნიდერლანდმა, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ბულგარეთმა, და ევროპის გარეთ, ტაილანდმა. ამ მწარმოებლის ვაქცინის გარკვეული სერიით აცრა შეაჩერეს ბალტიის ქვეყნებმა და ავსტრიამ, ასევე ლუქსემბურგმა და რუმინეთმა.

EMA-სთან ერთად, AstraZeneca-ს ეფექტიან და უსაფრთხო პრეპერატად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, გააგრძელონ მისი გამოყენება.

XS
SM
MD
LG