Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, უარს ვერ ვიტყვით პირბადეზე


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე, ვერ ვიტყვით უარს დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე და ასე შემდეგ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ონლაინპრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ბოლო დროს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დაუდევარი დამოკიდებულებაა და მისი ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 72 პროცენტი და რომელსაც არა უშავდა, გვინდოდა ეს ძალიან, ყოფილიყო 90-95 პროცენტი. ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებს აქვთ. ის ჩამოვარდა 43 პროცენტამდე, რაც არის ძალიან ცუდი სიგნალი იმის, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შეიძლება გაუარესდეს. ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. იმიტომ, რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რომელიც იყო ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული. რომელიც დავუშვით ზაფხულის მეორე ნახევარში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 652 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 537 შემთხვევა. ეს მარტის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 128-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 275 685 შემთხვევა. მათგან 268 693 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3658 ადამიანი.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია. ორი დღის განმავლობაში, 16 მარტის 17 საათის მონაცემებით აცრილია 1375, რეგისტრირებულია 4532 ადამიანი.

22 მარტისთვის საქართველო ელოდება ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველ ნაწილს.

XS
SM
MD
LG