"რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება. შეამოწმებენ ყურძნის შაქრიანობას და იმას, თუ რამდენად ჯანსაღია მოსავალი, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. 2-ჯერ ნაკლები ეღირება დაბალშაქრიანი ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამ პროცესმა მევენახეს?
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა დაბალი იქნება, ღვინის კომპანია მას ჩაიბარებს როგორც სასპირტე მასალას და იმ პერიოდისთვის დადგენილ ფასზე ორჯერ ნაკლებს გადაიხდის. მაგალითად, თუკი სეზონზე 1 კილოგრამი კარგი ხარისხის ყურძენი ეღირება 80, დაბალშაქრიანი და სხვა მხრივ დაწუნებული ყურძნის ღირებულება იქნება 40 თეთრი. ნიშანდობლივია, რომ ყურძნის ხარისხზე კონტროლი ეხება სახელმწიფო ღვინის კომპანიებს. კერძო საწარმოები ხარისხს აქამდეც მკაცრად აკონტროლებდნენ.
18 პროცენტი (შაქრიანობა) იქნება ზღვარი. 18 პროცენტზე ზევით განიხილება, როგორც მწიფე ყურძენი, ქვემოთ კი განიხილება, როგორც უკონდიციო და სასპირტე ყურძენი...ლევან მეხუზლა
შეკითხვაზე, ხარისხის კონტროლის პირობებში იქნება თუ არა ორმაგი ფასი მაღალი ხარისხის ყურძენზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გვიპასუხა, 2021 წლის რთვლის კონკრეტული ციფრები (ფასები) არ ვიცი, რა იქნება. არ არის გადაწყვეტილიო.
გასულ წელს, რთველი 2020 -ის ფარგლებში, სახელმწიფო კომპანიებმა სს „აკურამ“ და „მოსავლის მართვის კომპანიამ” ფერმერებისგან, ჯამში, 95 ათას ტონაზე მეტი მოსავალი ჩაიბარეს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ აქედან უმეტესი იყო დაბალხარისხიანი ყურძენი, თუმცა მასში სახელმწიფომ გადაიხადა ის ფასი, რასაც კერძო კომპანიები იხდიდნენ ხარისხიან ყურძენში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან რეგიონებში უშუალო შეხვედრების ფორმით მიმდინარეობს ფერმერების ინფორმირება იმისთვის, რომ შემოდგომაზე სიახლე მათთვის მოულოდნელი არ იყოს. ის მევენახეებს მოუწოდებს უფრო მეტი იმუშაონ, რომ მოსავალი იყოს მაღალი ხარისხის. ლევან მეხუზლამ ისიც გვითხრა, რომ საწყის ეტაპზე ეს სიახლე ფერმერების ნაწილს პრობლემებს შეუქმნის, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ ამ კუთხით მუშაობა აუცილებლად იყო დასაწყები.
ყურძნის ხარისხი გაკონტროლდება მთავრობის სპეციალური დადგენილებით და ყურძენში შაქრიანობის დონეს განსაზღვრავენ სახელმწიფო ღვინის კომპანიები, ეს კი მოხდება უშალოდ მოსავლის ჩაბარების პროცესში.
აგვისტოში რომ ვენახი მოირწყვება, ეს ყველა შემთხვევაში აისახება მის შაქრიანობაზე. რწყვის დროს კონდიცია მნიშვნელოვნად იკლებს და მას შემდეგ დიდი დრო სჭირდება, რომ მაღალ შაქრიანობას მიაღწიო. მოკლედ, არ ვიცი... წელს, ალბათ, რთული წელი გვექნება...ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, რამდენი უნდა იყოს შაქრიანობის დონე, რომ ყურძენი ჩაითვალოს ხარისხიანად ან პირიქით.
„ყურძნის კონდიციის პირდაპირი მაჩვენებელი არის შაქრიანობა. შესაბამისად, ყველაზე მთავარ პარამეტრზე გაკეთდება აქცენტი. 18 პროცენტი (შაქრიანობა) იქნება ზღვარი. 18 პროცენტზე ზევით განიხილება, როგორც მწიფე ყურძენი, ქვემოთ კი განიხილება, როგორც უკონდიციო და სასპირტე ყურძენი. ასევე, ყურძნის ჩაბარების დროს გათვალისწინებული იქნება ისიც, თუ რამდენად ჯანსაღია ყურძენი, აქვს თუ არა ჭრაქი და ნაცარი. დაზიანებული ყურძენი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაითვლება უკონდიციოდ (დაბალი ხარისხი)“.
ყურძნის ხარისხი რომ მაღალი უნდა იყოს, ამაზე არ დაობენ არც მევენახეები, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ კარგი ყურძნის მიღება მხოლოდ მათ შრომაზე არ არის დამოკიდებული. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მევენახე როლან ხუციშვილის თქმით, კახეთის ეს მხარე ზაფხულობით განსაკუთრებით გვალვიანია, ამიტომ ვენახი რომ არ მორწყან, ის საერთოდ განადგურდება. ასეთ შემთხვევაში ფერმერები მეორე პრობლემის წინაშე დგებიან - ვენახები, რომლებიც ირწყვება, დაბალშაქრიან მოსავალს იძლევა. მევენახე როლან ხუციშვილის თქმით, ყურძნის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა ფერმერთა ნაწილი საერთოდ შემოსავლის გარეშე დატოვოს.
„ყურძენზე კონტროლის ასეთი მექანიზმი, ალბათ, ბევრისთვის იქნება მიუღებელი. წარმოიდგინეთ, ჯერ მხოლოდ წამლობის დროს ტრაქტორი რომ დადის, რამდენი მტევანი ზიანდება, რომელიც შემდეგ ჭკნება და ფუჭდება. შემდეგ ეს თითო დაზიანებული მტევანი ჩაბარების დროს რომ აღმოაჩინონ, მთელ მოსავალს დაიწუნებენ. გარდა ამისა, ჩვენთან ზაფხულობით ვენახი თუ არ მოვრწყეთ, სულ გახმება. მორწყვაზეც რიგებია და ზოგს მოკრეფამდე ცოტა ხნით ადრე უწევს რიგი. მაგალითად, აგვისტოში რომ ვენახი მოირწყვება, ეს ყველა შემთხვევაში აისახება მის შაქრიანობაზე. რწყვის დროს კონდიცია მნიშვნელოვნად იკლებს და მას შემდეგ დიდი დრო სჭირდება, რომ მაღალ შაქრიანობას მიაღწიო. მოკლედ, არ ვიცი... წელს, ალბათ, რთული წელი გვექნება“.
ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაში პრობლემას ვერ ხედავს ფერმერ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი, თუმცა ამბობს, რომ მაღალშაქრიანი და კარგი ხარისხის ყურძენი - თუნდაც, კახეთში - ყველგან არ მოდის. ამიტომ, ფხოველიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია ჯერ ვითარება შეისწავლონ და შემდეგ აუხსნან ფერმერებს, რომ კონკრეტულ ზონებზე ვენახების გაშენება, უბრალოდ, არ შეიძლება, რადგან იქ მოყვანილი პროდუქტი დაბალხარისხიანი იქნება.
„ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ყველანაირ ყურძენს - მათ შორის მჟავეს - აბარებდნენ ქარხანას, ახლა, რა თქმა უნდა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ყურძენში შაქრიანობის პროცენტის გაზრდა დამოკიდებულია მზის ენერგიისა და მიწის კომბინაციაზე, თუმცა კახეთში არის ისეთი ადგილები, სადაც რაც არ უნდა მოუარო ვენახს, ყურძენი ბოლომდე არ მწიფდება. სანამ ამ რეგულაციებს შემოიღებენ, ჩემი აზრით, სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ტერიტორიების დარეგიონებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, სადაც ყურძენი ბოლომდე ვერ იწევა, შესწავლის საფუძველზე ფერმერს უნდა უთხრან, რომ კონკრეტულ ადგილზე უკეთესია მოიყვანოს სხვა კულტურა“.
ახალი რეგულაცია, რომელიც ყურძნის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს, წელსვე ამოქმედდება.