Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს, პარლამენტში შევიდეს და "TV პირველით" გავრცელებულ ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისია შექმნას


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს, თუ ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამოძიება სურს, პარლამენტში შევიდეს და საგამოძიებო კომისია საკუთარი ინიციატივით შექმნას:

„თუ ოდნავ მაინც სჯერა ვინმეს „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ძალადობის, ან იმის, რომ ეს არა 2010-2011 წლებში მოხდა, არამედ ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ის ადამიანები კერძო პირები კი არ იყვნენ, არამედ წარმოადგენდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, უმაღლესი თანამდებობის, ამ ნარატივის 1 პროცენტითაც თუ თავად სჯერათ, შემოვიდნენ პარლამენტში. მათ აქვთ ბერკეტი, შექმნან საგამოძიებო კომისია და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თავად გამოიძიონ, რასთან გვქონდა საქმე. ჩვენ ვიცით, რაშია საქმე, ვიცით, რომ ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის ტყუილი“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მოწოდებას საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე და განაცხადა, რომ მათ მიმართულება უნდა შეცვალონ და მოწოდება ოპოზიციონერი კოლეგებისკენ მიმართონ.

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია საუბარში მონაწილე ერთ-ერთი პირი - მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პროკურატურა "TV პირველის" ეთერით ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის გავრცელებიდან მესამე დღეს, 9 მარტს, აცხადებს, რომ გამოძიებას იწყებს "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". უწყების გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საუბრის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.

XS
SM
MD
LG