Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ "მოქალაქეები" "TV პირველის" ჩანაწერების გამო 


პარტია "მოქალაქეები", რომელიც პარლამენტში ორი მანდატით არის წარმოდგენილი, "TV პირველის" ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსის გამო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

"ლოგიკური იქნებოდა, პირველი წუთიდან თვითონ პროკურატურას დაეწყო გამოძიება და ასე ხდება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, როდესაც ასეთი ტიპის ჩანაწერები ხდება საჯარო. ამ ჩანაწერიდან იკვეთება შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაული მთელი რიგი საჯარო პირების მიერ.

ეს რომ არ ხდება, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ ვითხოვთ, უკვე პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. პარლამენტს აქვს, რეალურად, ბერკეტი, დაიბაროს ყველა ის ადამიანი, ვინც არის ამ ჩანაწერებში მონაწილე", - განაცხადა იოსელიანმა.

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG