მფრინავი, ფიზიკოსი, მეტალურგი, კოსმონავტი, ჯარისკაცი, შემდუღებელი, მოგზაური... - არ არსებობს პროფესია, რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწიეს ქალებმა, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ხელობის, პროფესიის სათავეებთან მდგომი ქალები. XVIII-XIX საუკუნეებში მცხოვრები მაია (მარიამ) ჩიქოვანი პირველი ქართველი კარტოგრაფი ქალია, რომელიც ისევე მარჯვედ ხმარობდა „ხაზის იარაღსა“ და „კარაკინს“ (სახაზავსა და ფარგალს), როგორც მისი თანამედროვე ქალები საქსოვ ჩხირებსა და ქარგას.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილებაში (სანკტ-პეტერბურგი) დაცულია ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს გეოგრაფიული ატლასის 22 რუკის პირი. ერთ-ერთ რუკას (N19) გადამხაზველის ხელით მიწერილი აქვს:
„უმაღლესი ანა დედოფლის ბრძანებით გადავწერე ეს ქარტინები, რომელიც 21 ბოლოს ქარტინაში იხილეთ... 21 ქარტინა ქართლის ცხოვრებისა. დედანისგან მე თ. ჩ. -ს პეტრეს ასულმან მაიამ გადავწერე. ვითხოვ წყალობასა, თუ ნაკლული ანუ შეცდომაა, ნუ გაუწყევთ“.
რას ნიშნავს „მე-თ.ჩ.-ს“, ვინ არის ანა დედოფალი? - ამ კითხვებს სვამს ცნობილი ქართველი ეკონომ-გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ზარდალაშვილი ჟურნალ „დროშაში“ 60 წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში.
„ანა იყო იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის მეუღლე. ეს ის დავითია, რომელიც ტახტიდან ჩამოაგდო და განდევნა იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ. დავითის მეუღლე ანა რუსეთის მეფის ნებართვით 1809 წელს პეტერბურგში დასახლდა. დედოფალი ანა მაღალი კულტურის ქალი ყოფილა, შემთხვევით არ არის, რომ მან ვახუშტისეული ატლასის პირი გადააღებინა. ისმება კითხვა, ვინ არის ვახუშტის რუკის პირის გადამღები, რომლის მიერ ოსტატურად შესრულებული ნახაზები დიდ გემოვნებასა და კარტოგრაფიული ხელოვნების მაღალ კულტურაზე მიგვითითებს? რუკაზე წერია მხაზველის გვარი. „მე-თ.ჩ.-ს“ კი ნიშნავს: „მე თავად ჩიქოვანის“. მაია ჩიქოვანის გვარი პირველად გაშიფრა დოცენტმა ირაკლი მათურელმა. მისი აზრით, მაია ჩიქოვანის მიერ ვახუშტისეული რუკები გადაღებულია 1823-1836 წლებში“, - წერს გრიგოლ ზარდალაშვილი, რომელიც იმასაც შენიშნავს, რომ დღემდე არ მოიპოვება მაიას პორტრეტი, მაგრამ ავტორს იმედი აქვს, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ მკითხველები რამე მასალას მიაწვდიან რედაქციას.
და მართლაც, წერილის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ჟურნალ „დროშის“ რედაქციამ მიიღო მოქალაქე პაპუნა წერეთლის ასეთი შინაარსის წერილი:
„ამ 20-25 წლის წინათ ჩემს მეგობართან, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერისა და ქართული ხალხური ხელოვნების ენთუზიასტ არტემ გაბუნიასთან ვიყავი სტუმრად. მასპინძელმა უჯრა გამოაღო, იქიდან პატარა მინიატურა ამოიღო და თავმომწონედ მითხრა: „შეხედე, რა შევიძინე. ეს პირველი ქართველი კარტოგრაფი ქალი მაია ჩიქოვანია. მინიატურაზე ხანში შესული ქართველი ქალი იყო გამოსახული“.
მკითხველის წერილი მთავრდება ცნობით, რომ მინიატურა ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფონდებში.
ცნობილია, რომ მაია ჩიქოვანი დევნილ ანა დედოფალს ( ერეკლე II-ის დისშვილის მამუკა (მათე) ორბელიანის შვილს) გაჰყვა პეტერბურგში. ანაც და მაიაც, კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში (ტ.2, 1868 წ. გ. 107) დაცული სიის მიხედვით, შედიოდნენ იმ ამალაში, რომელიც 1804 წელს თან ახლდა რუსეთში იძულებით გადასახლებულ ერეკლე მეორის ქვრივს დარია გიორგის ასულ დადიანს. ამ სიაში მოხსენიებულია მარია პეტრეს ასული ჩიქოვანიც.
გრიგოლ ზარდალაშვილის თქმით, მაია ჩიქოვანი საუკეთესო მხაზველ-კარტოგრაფი ყოფილა, რადგან მის მიერ გადაღებული რუკის ასლები, კარტოგრაფიული ხელოვნების თვალსაზრისით, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა დედანს:
„ჩვენ არ მოგვეპოვება საბუთები იმის შესახებ, თუ ვისთვის და რა მიზნით გადააღებინა ანა დედოფალმა ვახუშტის რუკების ასლი მაიას, მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ამას გარკვეული მიზანი ექნებოდა. ამაზე ნაწილობრივ პასუხს იძლევა მარი ბროსე, რომელმაც მაია ჩიქოვანის მიერ გადაღებული რუკების ასლი ნახა და შემდეგნაირად შეაფასა იგი:
„ეს ის რუკებია, რომელიც ისტორიკოსმა ვახუშტიმ შეადგინა თავისი დიდი გეოგრაფიული და ისტორიული ატლასისათვის და რომლის დედანი მოსკოვში არსებობს. მისი ასლი გადაღებული იქნა იმერთა დედოფალ ანასათვის და ამ ასლის საფუძველზე უნდა შემდგარიყო აკადემიური ასლი, მაგრამ, ბედნიერი შემთხვევის გამო, ჩვენ შევიძინეთ თვით დედოფალ ანას ცალი, რომელიც დედანს ნაკლებად დაშორებულია, სიზუსტის უფრო დიდ გარანტიას იძლევა“.
გრიგოლ ზარდალაშვილი ამბობს, რომ არ იცის თუ სად მიიღო მაია ჩიქოვანმა ასეთი ბრწყინვალე კარტოგრაფიული განათლება, თუმცა ცნობილია, რომ მაია ჩიქოვანის საქმიანობა მარტო ვახუშტის რუკების ასლის გადაღებით არ შემოიფარგლებოდა. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ხელნაწერი (H-388) “ანსილონი: ესთეტიკებრნი განსჯანი“, რომელშიც ვკითხულობთ: „ესე ესტეტიკებრნი განსჯანი სთარგმნა რუსულით ქართულად საქართველოს მეფის გიორგის XIII-ის პირმშომან ძემან... დავით, ხოლო მე გადავნუსხე თავადის ჩიქოვანის პეტრეს ასულმან მაიამ, სანქტ-პეტერბურღს, წელსა 1817-ს, ოგუსტოს 4-სა“.
ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-პიერ ფრიდერიკ ანსილიონის (1767-1837) ნაშრომი „ესთეტიკებრნი განსჯანი“ დავით ბაგრატიონმა (1767-1819) რუსულიდან თარგმნა 1815 წელს პეტერბურგში და უძღვნა დავით მესხიშვილს.
ანსილიონის „ესთეტიკებრნი განსჯანის“ ქართულ ენაზე თარგმნა უაღრესად მნიშვნელოვანია თუნდა იმის გამო, რომ ამ თარგმანმა ქართულში დაამკვიდრა რამდენიმე მანამდე უცნობი ტერმინი, მათ შორის „ესთეტიკა“ და „ხელოვნება“ (მხატვრული შემოქმედების თვალსაზრისით).
ცხადია, მაია ჩიქოვანამდე გეოგრაფიულ აზროვნებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა.
„ძველ საქართველოში იყვნენ ე.წ. ადგილისმცოდნეები და ადგილისაღმწერები, რომლებსაც ფართო გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული განათლება ჰქონდათ, მათ გააჩნდათ სპეციალური რუკები. სხვადასხვა რელიეფის სურათები, გეგმები. კოლხებს ჰქონიათ საგანგებო ფიცრები (კირბები), რომლებზეც მოგზაურობისათვის ნაჩვენები იყო ყველა გზა, წყლისა და ხმელეთის საზღვრები“, - წერს გრიგოლ ზარდალაშვილი, - „ქართული კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ვახტანგ VI, რომელიც თვითონ ადგენდა საქართველოსა და სომხეთის რუკებს. მისმა აღმზრდელმა სულხან-საბა ორბელიანმა საქართველოს ხელნაწერი რუკა შეადგინა. რომელიც შემდეგ ფრანგმა მეცნიერმა დელილმა გამოიყენა და 1723 წელს პარიზში გამოსცა კავკასიის რუკა ფრანგულ ენაზე. საყოველთაოდ ცნობილია ვახუშტის შესანიშნავი გეოგრაფიული ატლასები, რომლებმაც აღიარება ჰპოვეს რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში. ქართული კარტოგრაფიული სკოლის არსებობაზე მიგვითითებს ვახუშტის ცნობა, სადაც საუბარია რაღაც ძველ „შემოკრებილ რუკებზე“.
საქართველოს რუკის შედგენაზე ნაყოფიერად მუშაობდნენ არჩილ მეფე და ტიმოთე გაბაშვილიც, ყოველივე ეს იმაზე მიგვითითებს, რომ საქართველოში იყვნენ არა მხოლოდ პირთგადამღები - მხაზველები, არამედ რუკების შემდგენი კარტოგრაფები და, როგორც ირკვევა, მათ შორის ყოფილა ქალიც - მაია ჩიქოვანი.