„დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ რაც ხდება და არ შევეგუებით“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია თავის ვიდეომიმართვაში. „დროას“ გეგმებისა და მიზნების შესახებ მას რადიო თავისუფლებამ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
პირველ რიგში პოლიტიკური მოძრაობის სახელით დავიწყოთ. რატომ „დროა“? რისი თქმა გსურდათ „დროას“ დარქმევით?
ძალიან ბევრ მოვლენას უკავშირდება. ცვლილებების დროა პირველ რიგში, პლიუს არის შეუგუებლობის, დაუმორჩილებლობის, დრო. ეს რაღაცნაირად მიუთითებს მოქმედების აუცილებლობაზე იმისთვის, რომ შეიცვალოს სიტუაცია.
„დროა“ არის პოლიტიკური მოძრაობა. რატომ აფუძნებთ სწორედ პოლიტიკურ მოძრაობას და არა პარტიას?
ზოგადად ასეთი წარმოდგენა მაქვს მე, რომ პარტია უნდა აღმოცენდეს მუშაობის შედეგად. რაღაცა კონკრეტული მუშაობის, მათ შორის რეგიონებში მუშაობის შედეგად უნდა გამოიკვეთონ ის ლიდერები, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მერე უნდათ ელექტორალური პარტიული პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული საქმეებით. სხვადასხვა მიმართულებები გვექნება და ამ მუშაობის პროცესში უკვე გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც უშუალოდ ელექტორალური ამბიცია და ინტერესიც აქვთ. ეს პლატფორმა და არა პარტია იძლევა საშუალებას, რომ ვითანამშრომლოთ საქმის კეთებაში ბევრ ისეთ ორგანიზაციასთან, რომელსაც პარტიული პოლიტიკა არ უნდა.
ვინ გაერთიანდა პოლიტიკურ მოძრაობაში და არიან თუ არა მათ შორის ცნობილი სახეები?
პრეზენტაცია იქნება მარტის ბოლოს და გუნდს იქ წარვადგენთ. ამიტომ წინასწარ ესე ვერ ვიტყვი. ერთ-ერთი, ვინც დაწერა თავად უკვე არის თამაზ ახობაძე. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არიან ცნობილი სახეებიც, უცნობი სახეებიც, პოლიტიკაში მყოფებიც და პოლიტიკაში აქამდე არმყოფებიც. რეგიონებშიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან აქტიური და დასაფასებელი ხალხი.
რაც შეეხება საქმიანობას? რა მიმართულებით იმუშავეს „დროა“ და რა იქნება მისი პრიორიტეტები?
ზოგადად რომ გითხრათ, სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. პირველია ბრძოლა და მხილება, განსაკუთრებით რეგიონებში, არა მარტო ცენტრში, თავგასული ჩინოვნიკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შესაბამისად ეს არის ცოტა გამოძიებაც, გამოკვლევა, უსამართლობის მხილება, ამის წინააღმდეგ ხმის ამოღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მოტივირება, რომ მოქმედებას აქვს აზრი.
მეორე მიმართულება და მნიშვნელოვანი არის იმ ინტერესების წამოწევა, რაც პოლიტიკურ განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ხშირად იკარგება, ქრება. ანუ შშმ ჯგუფები იქნება, ქალთა ჯგუფები იქნება თუ მეწარმეები რეგიონებში, რომლებსაც ბევრი საინტერესო იდეა და უამრავი პრობლემა აქვთ. ინტერესთა ჯგუფების და სხვადასხვა რეგიონის პრობლემების წამოწევა მინდა რომ მოხდეს.
და მესამე მიმართულება არის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება. უბრალოდ ბრძოლა არ არის საკმარისი, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გადაჭრის გზები არსებობს ყველა იმ პრობლემის, რაც მათ აწუხებთ. და ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ძალაუფლებაში უნდა მოვიდეს, უნდა ჰქონდეს ხედვა, როგორ იჭრება ეს პრობლემები. ეს სამი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც კიდევ უფრო დეტალურად გუნდთან ერთად კონკრეტული პლატფორმების აღწერით წარმოვადგენთ მარტის ბოლოს.
უკვე შეიძლება თუ არა „დროას“ პოლიტიკურ პარტნიორებზე საუბარი?
ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც პოლიტიკური ერთობა ძაან მნიშვნელოვანია. იგივე ზურა ჯაფარიძესთან ერთად გვქონია კონკრეტული ინიციატივა, ლელოსთან, ვაშაძესთან, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, თვითმმართველობის განვითარებაზე. ამიტომ კონკრეტული იდეების გარშემო ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, თუმცა გასაგებია, რომ უკვე წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული კოალიციური კონფიგურაცია შესაძლოა იყოს გარდაუვალი იმიტომ, რომ ჩვენ კოალიციების ეპოქაში უნდა შევიდეთ საბოლოო ჯამში. ამიტომ რა თქმა უნდა, გარკვეული კოალიციური ფიქრი იმაზე, რომ კოალიცია აუცილებელი იქნება არის, თუმცა ეხლა რა კონფიგურაციის იქნება ეს კოალიცია, ნაადრევი მგონია.
როგორ ფიქრობთ, რითი იქნება განსხვავებული „დროა“ პოლიტიკურ სპექტრში?
მე შემიძლია გითხრათ, ზოგადად რატომ გადავწყვიტე პოლიტიკური პლატფორმის შექმნა. მე მიმაჩნია, რომ კავშირი ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პროცესს შორის, პოლიტიკოსებს შორის უნდა გაძლიერდეს, მეორე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის, ახალი განსხვავებული ფორმების შეთავაზება და მესამე უნდა იყოს ღია პლატფორმა, სადაც მრავალფეროვანმა ადამიანებმა თავიანთი სივრცე უნდა იგრძნონ. შეიძლება არ უნდოდეს პარტიაში, მაგრამ ბევრი კეთილი და სწორი საქმის გაკეთება შეეძლოს და ეს სივრცეც უნდა იყოს ჩემი აზრით პოლიტიკაში. რა გამოგვივა, ამას საზოგადოება შეაფასებს.