Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: „ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, თავისი პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება.
„ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს,“თქვა მან.

მდინარაძემ 6-პუნქტიან დოკუმენტზე განაცხადა, რომ არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რომლებიც უკვე „რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, - განაცხადა მდინარაძემ, რომელიც პლებისციტის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ოპოზიცია დღესაც ცდილობს, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ, ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება... პლებისციტი არის „წითელი ხაზი“ და ამას „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება, რადგან ეს „არარაციონალური ნაბიჯია“, დასძინა მდინარაძემ.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ პრესას ამცნო, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ ამბიციური პრეზენტაცია წარმოადგინა ეკონომიკური აღდგენის გეგმის მიმართულებით“.

მან ილაპარაკა საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის კამპანიაზე და თქვა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორონავირუსის ვაქცინა შემოვა. „ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინა“, განაცხადა მდინარაძემ და განმარტა, რომ "საუბარია „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“, სხვა მიმართულებითაც სწორად მიდის მუშაობა, ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში. ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ კი გაწერილი გეგმის მიხედვით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG