Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია


დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრის გარდა, გაიმართება ასევე შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქთაისთან.

დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ორივე მხრიდან მჭიდრო კოორდინაციასა და პოზიციების შეჯერებას საჭიროებს. მისივე თქმით, ეს ვიზიტი წარმოადგენს კარგ საშუალებას იმისთვის, რათა მხარეებმა იმსჯელონ ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც:

„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი - ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, შეხვედრებისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხი იქნება.

„თანამშრომლობა, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა და ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა იქნება განსახილველ საკითხებს შორის“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, ასევე განხილული იქნება გლობალური პანდემიის თემა და ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ამ პერიოდში თურქეთმა გაუწია საქართველოს. მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება საერთო გამოწვევებს, როგორც პანდემიის დამარცხების კუთხით, ისე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით და ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

XS
SM
MD
LG