Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე ვაქცინის დაგვიანებაზე: ძალიან გთხოვთ, ამ საკითხს ნუ გაუწევთ ასეთ აჟიტირებას


"ასტრაზენეკას" ვაქცინა
"ასტრაზენეკას" ვაქცინა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კოვაქს-პლატფორმაზე დღეს გადარიცხა 575 000 დოლარი „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით უნდა შეიძინოს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ:

„დარწმუნებული იყავით, რომ კოვაქს-პლატფორმიდან პირველი პარტია ვაქცინების შემოვა ამ თვეში და ვაქცინაცია საქართველოში კოვაქს-პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება“.

გამყრელიძის ინფორმაციით, ახლახან კოვაქსისგან მიიღეს შეთავაზება „ნოვავაქსის“ ახალ, პერსპექტიულ, ამერიკულ ვაქცინაზეც, რომელიც პლატფორმაზე დაახლოებით ორი თვის შემდეგ განთავსდება: „ეს არის ახალი, ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და გარდა კოვაქს-პლატფორმისა, ჩვენ „ნოვავაქსთან“ და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი პარალელური მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც საქართველოში თებერვალში უნდა შემოეტანათ, თუმცა, ზუსტი დრო ისევ უცნობია, ამირან გამყრელიძის თანახმად, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიასგან იცის, კიდევ ერთხელ უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება: „დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რასაც კოვაქსი იყო შეპირებული, რომ უნდა მიგვეღო 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მიიღებს მალე“.

გამყრელიძის ინფორმაციით, „ფაიზერმა“ ვერ შეასრულა ევროკავშირის მიმართ ვალდებულება, ამიტომ გარკვეული დოზები მიმართა სწორედ ევროკავშირის ქვეყნებისკენ და კოვაქს-პლატფორმაზე შედარებით ნაკლები განათავსა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებითვე, საქართველოზე ბევრად უფრო მდიდარ და ძლიერ ევროპულ ქვეყნებს ჯერჯერობით აქვთ მხოლოდ ასიათასობით ვაქცინა: „ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ამ საკითხს ნუ გაუწევთ ასეთ აჟიტირებას“.

მედიის შეკითხვას, ვინ არის სახელმწიფოში პასუხისმგებელი ვაქცინების შემოტანის დაგვიანებაზე, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ეს საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.

ოპოზიცია ვაქცინაციის დაწყების დაგვიანებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG