Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა "კარტოგრაფების საქმეში" ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივი, დაადგინა


საქართველოს სახალხო დამცველი "კარტოგრაფების საქმეზე" სასამართლოს "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა - პოლიტიკური მოტივის არსებობა - დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ამგვარი მოტივის არსებობა სისხლის სამართლის საქმეებში გადაწონის საქმის გამოძიების კანონიერ ინტერესს და უკანონოდ აქცევს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე პროცესს.

"საქმის მასალებიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფარული, თაღლითური, მოტყუების, კორუფციული, ანდა ბოროტი განზრახვის ელემენტის დამადასტურებელი რაიმე გარემოება... ამ პირობებში მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება დაარღვევს კანონიერების პრინციპს, რადგან მათ ქმედებებში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რაც ჩვეულებრივ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა. მსგავსი ელემენტის დადასტურების გარეშე, ჩვეულებრივი საქმიანობისთვის პირის დასჯა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ყველაზე ელემენტარულ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია დასკვნაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის დარღვევის დადგენა მნიშვნელოვანია როგორც ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობისთვის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის სწორი განსაზღვრისთვის. სახალხო დამცველი ამ საქმის პოლიტიკური მოტივის დასადგენად იყენებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, როგორიცაა გამოძიების დაწყების დრო, რაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, თანამდებობის პირების განცხადებებს გამოძიების პარალელურად და სხვა გარემოებებს.

"წინამდებარე საქმეში კანონიერი ინტერესები დაცულად ვერ ჩაითვლება. პირიქით, ბრალდების წარდგენის სისწრაფის, ექსპერტიზის კრიტიკულად მოკლე ვადაში (4 დღეში) ჩატარებისა და თავად ბრალდების შინაარსის აშკარა დაუსაბუთებლობა იმაზე მიანიშნებს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ დაწყებული პროცესი სხვა მიზნით იყო განპირობებული", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ახლა საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომაა. ამ სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა, არ დართვოდა სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო მეგობრის სტატუსით მომზადებული სახალხო დამცველის და სხვა ორი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნები. დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ამგვარი დასკვნის შემცველი ანგარიშები საყურადღებოა თავად სასამართლოსთვის.

პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე დალი მეტრეველმა ეს დასკვნა საქმეს დაურთო. წესების მიხედვით, დასკვნის ავტორებს ზეპირი განმარტებებისთვის სასამართლოში დაიბარებენ.

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, სახელმწიფო ბრალდება ქვეყნის საზიანოდ ტერიტორიის გასხვისების მცდელობას ედავება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 28 იანვარს გირაოთი შეუცვალა და ორივე მათგანს თავისუფლების სანაცვლოდ 20 000-20 000 ლარის გადახდა დაავალა. გამოძიება ამ საქმეზე კვლავ გრძელდება იმ პირების მოსაძებნად, ვის დავალებასაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს ასრულებდნენ.

XS
SM
MD
LG