ვიდრე ეს კაცი გამოჩნდებოდა, თან გვემუქრებოდნენ - „ძრწოდე კავკასო! ერმოლოვი მოდის“- ო და თან დაგვცინოდნენ - „გარბოდნენ მხდალი ქართველები“-ო. „ეს კაცი“, ვისმა გამოჩენამაც ყველაფერი შეცვალა, მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვია. ვორონცოვამდე არსებობდა მხოლოდ ერთი რუსეთი, რომელსაც სასტიკი გენერლების - ციციანოვისა და ერმოლოვის საზარელი სახე ჰქონდა, ვორონცოვი კი იქცა მეორე - „გზების, გაზეთებისა და ოპერის მომცემი“ რუსეთის სახედ, რომელმაც ბევრად მეტი დაუშავა საქართველოს, ვიდრე ციციანოვის ხიშტმა და ერომოლოვის ჩექმამ. ერმოლოვმა და ციციანოვმა "ტუზემცების" სახლებში შეაღწიეს, ვორონცოვმა კი - ცნობიერებაში.
მიხეილ ვორონცოვმა ათ წელიწადში (1844-1854) იმაზე მეტი გააკეთა საქართველოში, ვიდრე ყველა მანამდე გამოგზავნილმა მთავარმართებელმა თუ მეფისნაცვალმა ერთად აღებულმა.
მიხეილ ვორონცოვმა მართალია უარი თქვა გენერალ ერმოლოვის კონცეფციაზე, მოესპო საქართველო („არ იარსებებს საქართველო და აღარ იარსებებს კავკასიის საკითხი"), მაგრამ სამაგიეროდ საქართველო აქცია კავკასიაში რუსეთის მთავარ მოკავშირედ და დასაყრდენად. მეტიც, ნიკოლოზ I - თვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ვორონცოვი იმედოვნებდა, რომ მის მიერ გატარებული ღონისძიებები [ახალი თეატრი, გაზეთები, წიგნები, ინფრასტრუქტურა, რუსული განათლება, სამსახურში დაწინაურება და ა.შ.] კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებდა „ზნე-ჩვეულებათა დახვეწასა და რუსებში ადგილობრივთა შერწყმაზე“.
მიხეილ ვორონცოვს კავკასიის მახვილითა და ცეცხლით დამორჩილებაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. სხვათა შორის, ეს გარემოება აღნიშნულია კიდეც აკაკი წერეთლის პოემის „ვორონცოვის“ ერთ-ერთ გვერდზე გაკეთებულ მარგინალიაში, რომლის ავტორი იოსებ გრიშაშვილია:
„ამ ციციანოვს ერქვა არა დიმიტრი, არამედ პავლე“, - უსწორებს შეცდომას წიგნის მფლობელი ავტორს და განაგრძობს, - „ამ პავლე ციციანოვს ახალგაზრდა მ.ს. ვორონცოვი ახლდა 1803 წელს“.
კონსტანტინე გამსახურდია ერთგან ამბობს, „როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, მან მთელი ენერგია კულტურული ფრონტისკენ უნდა მიმართოს“-ო.
საქართველო პირწმინდად დამარცხდა რუსეთთან პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კარგად იცოდა მიხეილ ვორონცოვმაც. სრული დამარცხებისთვის კი საჭირო იყო კულტურულ ფრონტზე მარცხიც, თანაც ისეთი მარცხი, რომელიც დროში გაიწელებოდა და არ იქნებოდა შესამჩნევი და, შესაბამისად, მტკივნეული.
გალაკტიონ ტაბიძეს პოემაში „აკაკი წერეთელი“ ზუსტად აქვს აღწერილი როგორც ვორონცოვის გამოჩენის ისტორიული ფონი, ასევე მოქმედების ლოგიკა:
„როგორც იქნა მიხვდა მძორი, რომ კვლა, დასჯა და ტერორი
სახელმწიფოს მართვისათვის გზა ვერ არის სწორზე სწორი...
საჭიროა გზა მელური, მგლური, თითქო მეზობლური,
მოქმედება უნდა იყოს ფრთხილი, დიპლომატიური.
და ამ მიზნით იმედთ მთოვი გამოვიდა ვორონცოვი,
შეუძახა მისიანებს: „ყოფილხართო სისხლის მწოვი!
აბა, ნახეთ, რა გიქნიათ, გზა თვითონ ვერ გაგიგნიათ,
მწერლობისთვის - შველის ნაცვლად ბორკილები შეგიქმნიათ.
კაცი ქვა და სპილენძია? თავი აგიგდია, ძია,
დაგიჩაგრავსთ თავადობის მთელი ინტელიგენცია“.
სწორედ „თავადების მთელი ინტელიგენცია“ მიიჩვია და მოათვინიერა („კარიერით და ჩინებით“) ვორონცოვმა ისე, რომ:
“იწყეს ფუფუნებით ტკბობა, შეჰქმნეს უდარდელი ტრფობა,
პატიოსან გზას არჩიეს სატანასთან მეგობრობა”.
ალბათ „სატანასთან მეგობრობამ“ თუ ათქმევინა ერეკლე მეფის შვილიშვილსა და 1832 წლის შეთქმულების მონაწილე გრიგოლ ორბელიანს ვორონცოვის იმგვარი ქება, როგორიც 1854 წელს კავკასიიდან წასული მეფისნაცვლისთვის მიწერილ წერილში გვხვდება:
„გადაწყდა ბედი საქართველოსი: აღარ უბრუნდებით, თქვენო უგანათლებულესობავ, ქვეყანას, რომელიც მუდამჟამს კურთხევით გიგონებსთ და რომელიც მხოლოდ თქვენის მზრუნველობით აღსავსე ბრწყინვალე მართვა-გამგეობის დროს ეღირსა აჰყვავებასა და ადამიანურს ცხოვრებასა!“
ამ „ადამიანურის ცხოვრების“ ნაწილი იყო თავად-აზნაურთა შვილების გაგზავნა რუსეთის სასწავლებლებში. აკაკი წერეთელი „ჩემ თავგადასავლში“ იხსენებს, რომ სასწავლებლად პეტერბურგში მიმავლს გზა საგანგებოდ გაამრუდებინეს იმისათვის, რომ ოდესაში ვორონცოვის ქვრივთან შეევლო.
„იმ დროს საზოგადოდ ქართველებს ისეთი სიყვარული ჰქონდათ ვარანცოვის, რომ, თუ რუსეთში მყოფი, ან მიმავალი ქართველი ვარანცოვის ქვრივს არ გაუვლიდა და არ ნახავდა, ვერ კი წარმოიდგენდნენ“, - წერს აკაკი წერეთელი.
ყველა, ვისაც აკაკი ოდესაში შეხვდა, საქართველოსადმი ვორონცოვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე უყვებოდა.
„განსვენებული თავადი სულ იმას ამბობდა: ეს პატარა საქართველო დიდ რუსეთის ქარგაში უმშვენიერესი და უმტკიცესი ოქროს ქსოვილია იქნებაო! მხოლოდ ჩვენ უნდა მივუშვათ ნებაზე, ვუწინამძღვროთ და ხელი შევუწყოთო“, - ამბობს ვორონცოვის ქვრივი.
„საქართველო სულ სხვა ბაღია და მის ყვავილებსაც სხვაგვარი მებაღეობა სჭირდებაო!“ - იხსენებს მიხეილ ვორონცოვის ნათქვამს ექიმი ერასტ ანდრეევსკი, რომელსაც ქართველი ქალი (გვარად თუმანიშვილი) ჰყავდა ცოლად.
აკაკი წერეთელს პოემაც აქვს დაწერილი მიხეილ ვორონცოვზე - „ვარანცოვი“, რომელშიც, ქართველიების მდგომარეობით („სადღაა მისი ამაყი სახე“) შეწუხებული ვორონცოვი დიმიტრი ყიფიანისგან ითხოვს მიზეზის გაგებას. ყიფიანი ეუბნება, რომ რუსებმა მოგვატყუეს, გვჩაგვრავენ, გვძარცვავენ, ენას გვართმევენ და არაფრად გვაგდებენ. „მოტყუებულმა, რუსების ხელში დღეს საქართველომ სული დალია“-ო, არა და, ბევრი არც არაფერი გვინდაო:
„რომ ეროვნული შეგვრჩეს ელფერი
და რუსი ვიყოთ პოლიტიკურად,
აი, რა ვგინდა... სხვა არაფერი!“
ამის შემდეგ პერსონაჟი „ვარანცოვი“, ქართველების გულის მოსაგებად, ჩამოთვლის ყოველივე იმას, რის გაკეთებას აპირებს და, რასაც მეფისნაცვალი ვორონცოვი აკეთებდა ათი წლის განმავლობაში, ბოლოს კი კმაყოფილი იტყვის:
„და აწცა გულით გარუსებული,
მაგრამ ქართველი გარეგნობითა,
ის დაამშვენებს რუსეთის გვირგვინს
მაღალ გონებით და ტკბილ-გრძნობითა“.
„ქართველი მხოლოდ გარეგნობითა“ - ასეთია იმ „მეორე რუსეთიდან“ დანახული საქართველოს მკვიდრი როგორც XIX, ასევე XX საუკუნეში. აკაკი ბაქრაძე 1983 წელს დაწერილ „მწერლობის მოთვინიერებაში“ შენიშნავს:
„ჯერ რუსული მართლმადიდებლობით ქადაგებდნენ კაცობრიობის გადარჩენას, ახლა - სოციალიზმით. ამ ქადაგებამ ისე დააჩლუნგა უბრალო რუსი მოქალაქის გონება, რომ, როცა, ვინმეს დასამონებლად და დასაჩაგრად გზავნიან, ჰგონია მის გადასარჩენად და დასახმარებლად მივდივარო. რუსეთმა კავკასიის, ბალტიისპირეთის, შუა აზიის ხალხები ისე დაიპყრო, რომ რუსეთის კულტურის მოღვაწეთა შორის ერთი კაცის არ აღმოჩენილა ისეთი, ვინც პირუთვნელად ამხელდა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას. პირიქით, ხოტბა-დიდებას უმღერდნენ“.
ასეთია ამ მეორე რუსეთის „ჰუმანიზმი“, რომლის სულის ჩამდგმელის შესახებ ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა:
„მართალია, მან ენერგიულად მოკიდა ხელი ჩვენს ქვეყანას, კულტურას თითქოს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებდა. თუ ზოგჯერ ქართულ საქმეს გადმოხედავდა, ეს იყო თვალის ახვევა და შირმა. იგი ქმნიდა იმ ცენტრებს, სადაც აჩქარებით და სისტემით ხდებოდა ეროვნული დეგრადაცია".
აკაკი წერეთლის პოემის ეპილოგში („ნახევარი საუკუნის შემდეგ სიზმარი“) ავტორს ეცხადება ვორონცოვის აჩრდილი, რომელსაც შეჩივლებენ: ქართველებს ისევ დევნიან საქართველოშიო და, რომ „პატივ-ახდილ ქართველობას ძალმომრეობის დააწვა ძალა“-ო.
პოემა „ოპტიმისტურად“ მთავრდება, ვორონცოვის აჩრდილი მიმართავს ავტორს (ვიგულისხმოთ, საქართველოს), გულს ნუ გაიტეხს, რადგან:
„მოგევლინება ჩემი მოგვარე
და ხელ-ახლავე გამოგაბრუნებსთ
რუსის მოყვარედ, რუსის მოყვარე!“
დროგამოშვებით მართლაც გამოჩნდება ხოლმე „მისი მოგვარე“, რომელიც ცდას არ აკლებს საქართველოს „რუსის მოყვარედ გამობრუნებას“, ხანდახან გამოსდის კიდეც, მაგრამ უფრო ხშირად „მეგობრული ხიშტით“ ცდილობს დარწმუნებას, სწორედ იმ მეგობრული ხიშტით, რომელიც ლერმონტოვმა დაამადლა „ივერიის ერს“ იმ თავის „მწირში“, ილია ჭავჭავაძემ რომ თარგმნა ორაზროვნად:
„მას აქეთ, როცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა -
ღმერთმა იმ რუსსავე ასკეცად მისცეს“