მწვავე შეფასებების ქრონიკა ამერიკიდან და ევროპიდან - მეორე ტალღა | განახლებადი

1 მარტი, 2021

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მყისიერი მწვავე განცხადებები მოჰყვა ამერიკისა და ევროპის დედაქალაქებიდან. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ მელიას დაკავებას “წარმოუდგენლად ჩლუნგი” სვლა უწოდა; მომხდარმა შეაძრწუნა საქართველოში აშშ-ის საელჩო, შოკი მოჰგვარა ბრიტანეთის ელჩს, საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გზიდან უკუსვლაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აალაპარაკა ევროპარლამენტარები. კრიტიკის მეორე ტალღა გაცილებით ძლიერი და მასშტაბურია, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც წერილებსა და განცხადებებს დასავლეთიდან საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური ლიდერების ციხიდან გათავისუფლება მოჰყვა.

1 მარტს, საღამოს 8 საათზე, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასა და ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ორბელიანების სასახლეში. რა მოჰყვება შედეგად მელიას დაჭერას, მასზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რეაგირებას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივას?

აქ თავს ვუყრით ძირითად განცხადებებს, მთავარი მესიჯებს და “ოცნების” პასუხებს.

23 თებერვალი

აშშ-ის საელჩო საქართველოში

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამერიკის საელჩო ნიკა მელიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე".

ტექსტის მთავარი აქცენტები:

ღრმა შეშფოთება მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაეკავებინა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარტიის სათავო ოფისში; წუხილი იმის გამო, რომ უგულებელყოფილ იქნა შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგის გაგრძელების შესახებ; შეძრწუნება საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

„ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე - ადამ კინზინგერი


კონგრესმენმა ტვიტერზე დაწერა, რომ პირდაპირ ეთერში ნახა ენმ-ის ოფისზე მიტანილი შტურმი და ნიკა მელიას დაკავება. ადამ კინზინგერი კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთ-ერთი სპონსორია. „ჩვენ ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი კანონი... ეს არ არის ავტომატური პროცესი… ეს არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯი. დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ამ დრამატული ქმედებისგან. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით“ - დაწერა ადამ კინზინგერმა.


კინზინგერმა ასევე გააზიარა აშშ-ის საელჩოს განცხადება და დაწერა, რომ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ “წარმოუდგენლად ჩლუნგი” სვლა გააკეთა. მან 23 თებერვალს საქართველოს დემოკრატიისთვის სევდიანი დღე უწოდა.


ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ჟიგიმანტას პავილიონისი

„მოდით, გავიღვიძოთ! მოდით, დავრეკოთ ზარები და რეაგირება მოვახდინოთ“ –23 თებერვალს, დილით, ტვიტერზე დაწერა ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს, ლიეტუვის პარლამენტის წარმომადგენელმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ძვირად უნდა დაუჯდეთ.



ტექსტის მთავარი აქცენტები:

პროცესი მიანიშნებს ხელისუფლების დასასრულზე; დემოკრატია დარტყმის ქვეშაა; ოპონენტების წინააღმდეგ გაზის გამოყენება და ძალადობა პუტინის რუსეთისთვის არის დამახასიათებელი; ივანიშვილის რეჟიმმა საფასური უნდა გადაიხადოს; ბოლშევიკების საქართველოში შეჭრის 100 წლის თავზე, საქართველოს ხელისუფლება სასტიკად უპირისპირდება ოპოზიციის მშვიდობიან პროტესტს და აპატიმრებს ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკა მელიას. ჟიგიმანტას პავილიონისი წარსულში ლიეტუვის ელჩი იყო აშშ-ში. მელიას დაკავებამდე, კრიზისის განმუხტვის მიზნით, ის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში (20-21 თებერვალს) და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.




„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პავილიონისს „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი უწოდეს და მიკერძოებაში დასდეს ბრალი. ახალმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ლიეტუველი პარლამენტარი მისთვის და „ქართული ოცნების“ გუნდისთვის უბრალოდ არაფერს ნიშნავს. ოცნების დეპუტატებმა პრემიერის განცხადებას ტაში დაუკრეს.


ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი
„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება“ - წერია ევროკავშირის საელჩოს მიერ კარლ ჰარცელის სახელით ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ელჩი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, იმოქმედოს „ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად“ და უარი არ ითქვას „საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე“.



დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - მარკ კლეიტონი
“შოკირებული ვარ“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ელჩი ტვიტერზე ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. „საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს , იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” - დაწერა ელჩმა 23 თებერვალს. მან განცხადება ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა.

— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021

● აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში - იან კელი:
ნიკა მელიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით იან კელიმ ტვიტერის საშუალებით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა. „ძალიან სევდიანი დღე“ - წერდა ის პირველ პოსტში, როცა შს სამინისტროს ძალები ჯერ კიდევ ემზადებოდნენ ენმ-ის ოფისზე შტურმისთვის.


სხვა განცხადებაში იან კელი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერის მობილიზაციისკენ, ხოლო ხელისუფლებას - მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს:


„საქართველოს დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა დადგეს მათ გარშემო, ვინც ახლა მას (დემოკრატიას) იცავს. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს ვითარება და გაათავისუფლოს მელია“.


● აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში - უილიამ კორტნი
უილამ კორტნი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ოპოზიციას “ტერორისტები” უწოდა. “ეს ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ აქვს თანაბარზომიერების შეგრძნება. ის თუ პრემიერის პოსტზე დარჩება და ოპოზიციის ლიდერი, მელია საკანში - დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, რის გამოც საქართველო გარე ზეწოლას უფრო დაექვემდებარება” დაწერა ტვიტერზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.


● აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში - მაიკლ მაკფოლი
მაიკ მაკფოლმა მელიას დაპატიმრება შეადარა მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასა და რუსეთში ნავალნის დაჭერას და ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ტესტი უწოდა. “ბაიდენმა პირობა დადო რომ დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შეუწყობდა ხელს. ახლა დროა ეს სიტყვები საქმედ აქციოს. ბაიდენი იცნობს საქართველოს, მე მასთან ერთად ვიმოგზაურე საქართველოში 2009 წელს. მას შეუძლია იქ გავლენის მოხდენა” - დაწერა მაკფოლმა.


● ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი ბენ ჰოჯესი:
ტვიტერზე საქართველოდან ამბების გაზიარებითა და რამდენიმე კომენტარით გამოეხმაურა ბენ ჰოჯესი 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს.
“უდიდესი ნაბიჯი უკან საქართველოსთვის. ამით მხოლოდ კრემლი, ბ-ნი ბიძინა და მისი წამქეზებლების ახლო წრე სარგებლობს. ამაში კარგი არაფერია ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს ბაიდენი მკაცრად უპასუხებს. კრემლი აკვირდება” - დაწერა ბენ ჰოჯესმა.


● ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ჯეიმს აპატურაი:
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯეიმს აპატურაიმ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ალიანსი ელის „რომ საქართველო - ახლო პარტნიორი და ასპირანტი - შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლებზეც ძალიან ბევრი იმუშავა“.
● აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი, კომიტეტის მაღალჩინოსანი წევრი, მაიკლ მაკკოლი და „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის თანათავმჯდომარეები - ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი:


ერთობლივ განცხადებაში დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია და ითანამშრომლოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან „რათა დააბრუნოს საქართველო ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის კალაპოტში“.

ტექსტის მთავარი აქცენტები: გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე სამუშაო უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად; ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობაში განცდილი მარცხი ხელს შეუშლის პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.



● აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი როჯერ ვიკერი:

სენატორმა ვიკერმა ნიკა მელიას დაკავებას არასწორი უწოდა და ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო მოწოდებები - შეამცირონ დამაზიანებელი რიტორიკა… დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გახდეს უპირატესი.



● აშშ-ის ჰელსინკის კომისია:

ერთობლივ განცხადებაში ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობამ , სენატორებმა როჯერ ვიკერმა და ბენ კარდინმა; კონგრესმენებმა ალსი ჰასტინგსმა და ჯო უილსონმა ხაზი გაუსვეს, რომ ”როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა”

განცხადების მთავარი აქცენტები:

“დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის შტაბის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება არ შეესაბამება დემოკრატიულ პროგრესს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და დაუბრუნდეს დიალოგს, უარი თქვას აგრესიაზე. ”

● ევროპის სახალხო პარტია- EPP

ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის „სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოსავლისა და კომპრომისის ძიების ნაცვლად, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებაზე წავიდა.

განცხადების მთავარი აქცენტები: ნიკა მელიას დაკავება და უდიდესი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმაა; პოლიტიკური ოპონენტების დევნა უნდა შეჩერდეს. სიტუაციის სწრაფი განმუხტვაა საჭირო. ახალი, დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამოსავალი.



● ევროპის პარლამენტის ფრაქცია „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) თავმჯდომარე, ჰანს ვან ბაალენი

ALDE-ს თავმჯდომარის განცხადებაში წერია, რომ „პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივება და მოწინააღმდეგეთა ხმების ჩახშობა სრულიად არ არის ის გამოსავალი, რომელსაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები“.
განცხადების მთავარი აქცენტები:

მოვუწოდებთ "ქართული ოცნებას" შეუერთდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც, ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე ძლიერი მესიჯი. 22 თებერვალს ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილშიც ჰანს ვან ბაალენი საქართველოში მას „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა და წერდა რომ, „როგორც არასდროს“, ისეა საჭირო არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული მოგვარება დიალოგის გზით, და „არა შემდგომი სადამსჯელო ნაბიჯების განხორციელებით ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ“.

● ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტი), მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი (კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი, პოლონეთი), ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია) და მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია).

ექვსმა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოში გამომგზავრებამდე მიმართა. მიშელი საქართველოს 1 მარტს ეწვევა.

მიმართვის მთავარი აქცენტები:

ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს არსებულ სიტუაციას, როდესაც ძალადობა, რევანშიზმი და ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკა დომინანტურ ტენდენციად იქცა… პოლიტიკური კრიზისი ქმნის რისკს, რომ საქართველომ გადაუხვიოს რეფორმების კურსს, როგორც ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს პარტიებს შორის დიალოგის დაუყონებლივ განახლება მოსთხოვოს, რასაც, მათი თქმით, ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნის თაობაზე კონკრეტული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება უნდა მოჰყვეს. წერილი ერთ-ერთმა ხელმომწერმა ვიოლა ფონ კრამონმა გამოაქვეყნა:



● ჩეხი ევროპარლამენტარი - მარკეტკა გრეგოროვა:
მწვანეებისა და ევროპული თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, რომელმაც ხელი მოაწერა მიშელისადმი მიმართვას, საკუთარ განცხადებაში ნიკა მელიას დაკავებას „აბსოლუტური იმედგაცრუება“ უწოდა. მან მიუთითა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზეც.


ჩეხი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ.

ტექსტის მთავარი აქცენტები: ოპოზიციის ლიდერის დაკავება წარმოადგენს აისბერგის წვერს ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის პროცესში; პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა არ არის ის გზა, რომელიც ევროპისკენ სვლას ეხმარება.



● აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი



● აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი - ნედ პრაისი:
23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ნედ პრაისმა გაახმოვანა ვაშინგტონის „ღრმა შეშფოთება“ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებისა და საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო. ტექსტის მთავარი აქცენტები: პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა, ძალადობა და აგრესია არ არის გამოსავალი საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების დასაძლევად; ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პროცესების კიდევ უფრო მეტად გამწვავება გამოიწვიოს; მხარეები უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.




„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არ უკვირს, რომ „საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა შესაძლოა დასავლურ სტანდარტებს დააშოროს“, 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მან ამ კონტექსტში განმარტა, რომ მელიას დაკავება სახელმწიფოს ღირსების დაცვით ნაკარნახები გარდაუვალი ნაბიჯი იყო და ეს საერთაშორისო პარტნიორებსაც უნდა ესმოდეთ:
„პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა, სწორედ რომ, სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის... პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში“.


24 თებერვალი

● აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი წევრი - ჯიმ რიში, სენატის ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე - ჯინ შაჰინი, წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის რესპუბლიკელი თანათავმჯდომარე - ადამ კინზინგერი და ამავე ჯგუფის დემოკრატი თანათავმჯდომარე - ჯერი კონოლი:


ამერიკელმა კანონმდებლებმა ერთობლივ განცხადებაში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ენმ-ის ოფისზე განხორციელებული რეიდის გამო. ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის - ბატონი მელია და გიორგი რურუა“.

ტექტის ძირითადი აქცენტები:

„საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს კორუფციულად გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განსახორციელებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც დარჩა საქართველოს დემოკრატიისგან და მის ევროატლანტიკური გზას". კონგრესმენები და სენატორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პროვოკაციები ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს.


● აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი - კრის სოჩა:

კრის სოჩა ამბობს რომ ვაშინგტონი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწყებულია მსჯელობა სანქციების დაწესების შესახებაც. „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის ფარგლებში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ილაპარაკა როგორც „პირობითი დახმარების“ (Сonditional assistance), ასევე ინდივიდუალური სანქციების შესაძლებლობების შესახებაც. მან ექსპრემიერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.


„პოტენციური სანქციების შესახებ მსჯელობენ როგორც წამომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში... ეს არის მაგალითად აქტივების დაყადაღება, თუკი ვინმეს აქვს აშშ-ში. ხაზინის დეპარტამენტსა და სხვა სტრუქტურებს აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. მეორე მხარეა - მოგზაურობა. თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მაგრამ მისი შვილები აკეთებენ ამას. შარშან იყო გარკვეული საუბრები იმის შესახებ, ხომ არ დაწესდეს სანქციები მისი შვილებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობის შეზღუდვის კუთხით. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. .. საქართველოში ასევე არიან მასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესში. ასევე შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ“.



„პოტენციური სანქციების შესახებ მსჯელობენ როგორც წამომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში... ეს არის მაგალითად აქტივების დაყადაღება, თუკი ვინმეს აქვს აშშ-ში. ხაზინის დეპარტამენტსა და სხვა სტრუქტურებს აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. მეორე მხარეა - მოგზაურობა. თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მაგრამ მისი შვილები აკეთებენ ამას. შარშან იყო გარკვეული საუბრები იმის შესახებ, ხომ არ დაწესდეს სანქციები მისი შვილებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობის შეზღუდვის კუთხით. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. .. საქართველოში ასევე არიან მასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესში. ასევე შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ“.

● ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ჟიგიმანტას პავილიონისი
ჟიგიმანტას პავილიონისი აუცილებლად მიიჩნევს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგანაც სწორედ მას განიხილავს მთავარ ძალად საქართველოში მიმდინარე პრობლემურ პროცესებში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
„ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ მხოლოდ ერთ კაცს, რომელიც ყველაფერს მართავს... 8 მარტის შეთანხმებამდე ჩვენ ვფიქრობდით ამის შესახებ იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომ მთელი მისი ფული დასავლეთშია... გავაკეთოთ ეს. ვუთხრათ მას პირდაპირ - შენ ვერ შეძლებ გაანადგურო ეს მშვენიერი ქვეყანა, დემოკრატიის შუქურა და შენ ამას აკეთებ“ - განაცხადა ლიეტუველმა პარლამენტარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელიც 24 თებერვალს ასევე მონაწილეობდა „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაში.
პავილიონისი ამბობს ასევე, რომ: ნიკა მელიას დაკავება ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიის ლიდერის დაჭერაა და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. ის „დრამატულს“ უწოდებს მის ბოლო ვიზიტს (20-21 თებერვალი) საქართველოში, როცა მან იგრძნო არაკონსტრუქციული განწყობა მთელი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან.
ის გაოგნებულია ლექსიკით, რომელიც მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ოპოზიციასთან მიმართებით პირისპირ საუბრებში მოისმინა. ლიეტუველი პარლამენტარი ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ოჯახის წევრი პარტიისთვის - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მაფიის“ წოდება შეურაცხმყოფელია, რადგან ამ ლოგიკით, მაფიოზი გამოდის, მაგალითად, ამავე პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

სანქციებზე საუბარს არასერიოზული უწოდეს ქართულ ოცნებაში:



„სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“ - განაცხადა 25 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. საერთაშორისო პარტნიორების მწვავე გზავნილებს ის ოპოზიციის რადიკალურ ფრთას აბრალებს.
„მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა დღეს მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს საკუთარი ქვეყნის იმიჯი, მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის, პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია. მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ, მომდევნო დღეებშიც ინფორმაციას მივაწვდით“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
სანქციებს არც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები მოელიან.



● საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში უკვე დევს პირობა, რომ ამ თანხის გამოსაყოფად, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. დახმარება უპირობოა, მაგალითად, უკრაინისთვის.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი კრის სოჩა 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, ჯიმ რიშის დავალებით. ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს მაშინაც წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით. სოჩამ ხელისუფლებას გადასცა სენატორ რიშის მტკიცე გზავნილი, რომ „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ხელისუფლების ინსტიტუტებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“.



● ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE):

„მართალია, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე პოლიციის რეიდმა და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ დაძაბულობის გაუმართლებელი ესკალაცია გამოიწვია ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში“ - აღნიშნავენ PACE -ს თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში - ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

ტექსტის მთავარი აქცენტები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ესკალაციისა და კონფრონტაციის ნაცვლად, საჭიროებს თავშეკავებას, დიალოგსა და კომპრომისს; პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ვითარების დაძაბვისგან და განაახლონ დიალოგი კრიზისის დასაძლევად.

● პარტნიორების განცხადებებს მოზომილი და რბილი უწოდა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ:





„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები არასაკმარისად მკაცრია და რომ საქართველოში მომხდარი ამბავი მხოლოდ „ერთი შეხედვით“ არის შემაშფოთებელი. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 24 თებერვალს მიანიშნა, რომ მიკერძოების გამო მათთვის წონადი არ არის, მაგალითად, სენატორების - რიშისა და შაჰინის, ასევე კონგრესმენ კინზინგერის შეფასებები. „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაკავებას კანონის უზენაესობითა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით ხსნის.

„ეს იყო კანონის და სამართლის აღსრულება, რასთან დაკავშირებითაც პრინციპული პოზიცია გვაქვს, გვექნება და გვქონდა - კანონის აღსრულება, რაც არ უნდა რეაქციები მოჰყვეს ამას, უალტერნატივოა. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ გვითხრას, რომ კანონი არ აღსრულდეს“ - განაცხადა მდინარაძემ.

25 თებერვალი

პრესსპიკერი ევროკავშირის სახელით აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით გაღრმავებული პოლიტიკური პოლარიზაცია „საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“.


ტექსტის აქცენტები:



ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამონახონ საერთო ენა და გააძლიერონ სიტუაციის განმუხტვისკენ მიმართული ძალისხმევა; მმართველმა პარტიამ და მთავრობამ უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ინკლუზიური მართვა; ხელისუფლებამ პირველ ადგილზე უნდა დააყენოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები; სასამართლო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული; ევროკავშირი მომავალშიც დიდი ყურადღებით დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს; გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.


ევროკავშირი აცხადებს, რომ მასთან პარტნიორობის გასაღრმავებლად საქართველოს ესაჭიროება პოლიტიკური სტაბილურობა, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა. ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში.

26 თებერვალი

● ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე -პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე -მარეკ კუხჩინსკი, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- რიიგი კოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე- მარკო მიხკელსონი, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი და დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი.


ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა 2020 წლის 8 მარტს.”



განცხადების მთავარი აქცენტები:

საქართველოს პოლიტიკურ ძალებისადმი მოწოდება „გაერთიანდნენ, რათა პოლიტიკური მოგვარების გზა გამონახონ პრობლემებისა, რომლებიც ბოლო წლებში გაჩნდა და არ მისდიონ ტაქტიკას, რომელსაც სხვები იყენებენ ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ… დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და გრძელდება დღემდე, ხაზს უსვამს მათ პირად პასუხისმგებლობას მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგებისთვის, ვინც ხელისუფლებაშია და თავშეკავებას არ გამოიჩენს… საქართველოს, როგორც თავისუფალი წევრის ადგილი ევროპულ ოჯახში ეჭვგარეშეა, მაგრამ მას "საფრთხე შეექმნა ძალადობისა და თავისუფლებაზე თავდასხმის გამო“.



1 მარტი

ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტად ყოფნისას განაცხადა, რომ გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად საქართველოს პარტნიორები დროა, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდნენ.
მან ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ახლა და აქ მე მაწუხებს ძალიან ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშია. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში ეს დემოკრატია და მიღწევები და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერმინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის და ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს... მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა“.

განცხადების ძირითადი აქცენტები: მოწოდება დეესკალაციისკენ, ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. პროცესმა რამდენიმე საკითხი უნდა მოაგვაროს: სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო; საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა. კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული. რეფორმებს დასჭირდება პრემიერ-მინისტრის ლიდერობა, ყოველმხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც საქართველოს მოუტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის.



პრემიერი ღარიბაშვილი მიესალმა მიშელის წინადადებას: