20-ზე მეტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქუთაისში, თეთრ ხიდზე შეიკრიბა და ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებისგან მოითხოვეს ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფი გამოძიება და მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკის შეჩერება.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სატელევიზიო ქსელის დირექტორი ნანა თოშხუა ამბობს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მოქმედ ჟურნალისტებთან ერთად მხარს უჭერენ მანიფესტს, რომლითაც მედიაგარემოს გაუმჯობესება სურთ. ნანა თოშხუას განცხადებით, გახშირდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები და სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. მისი თქმით, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიითა და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს, მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო კი პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს: „მანიფესტში ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს“, - ამბობს ნანა თოშხუა.
სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე კი მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაა: „დამნაშავე მხოლოდ უშუალო მოძალადეები არ არიან, დამნაშავეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ხშირად ტირაჟირებს ძალადობას თავისუფალი მედიის მისამართით. ჩვენ არაერთხელ დავდექით მსგავსი ფაქტების წინაშე. სახელმწიფოა პასუხისმგებელი, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაცვა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების განმტკიცება, რასაც დღეს ხელისუფლება ვერ ახერხებს, რაც ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმამ დაადასტურა“, - განაცხადა აკაკი საღინაძემ.
დაიწყო ხელმოწერები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტზე, რომელიც მიზნად ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას ისახავს. მანიფესტში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში კრიტიკული მედიისადმი აგრესიული დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ მათი მონათვლა პოლიტიკურ ოპონენტებად ჟურნალისტებზე მორიგ თავდასხმებს ახალისებს. მანიფესტი დღეს გაფორმდა და იგი ღიაა ხელმოწერებისთვის.
ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს.
პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ არსებული აგრესიული რიტორიკის შედეგია.
დაწერეთ კომენტარი