Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: კვირის განმავლობაში კორონავირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და მასწავლებელთა 0,1%-ს დაუდასტურდა


ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო აქვეყნებს. ამ განცხადების მიხედვით, მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს:

„შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა“, - განმარტავენ სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ ასევე, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი. ამავე პერიოდში 542-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 270 510 შემთხვევა. მათგან 264 589 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3499 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG