Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხალთის ეპისკოპოსმა „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სატანის მიკროფონი უწოდა


სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი
სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა 25 თებერვლის ქადაგებაზე ტელეკომპანიებს „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სატანის მიკროფონი უწოდა და მათ სინანულისკენ მოუწოდა. ეპისკოპოსმა თქვა, რომ ბოროტი, ბნელი ძალები საქართველოს უტევენ, ეს ტელევიზიები ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას და აუგად მოიხსენიებენ პატრიარქს:

„ეს ტელევიზიები რომელია, მთავარი არხი რომ ჰქვია, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები. ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედაღვთისმშობელს, რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია“, - განაცხადა სხალთის ეპისკოპოსმა ქადაგებაზე.

მისი ქადაგების ამ მონაკვეთის კომენტირება თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ვთხოვეთ. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, ზოგადად საქართველოს საპატრიარქო გვევლინება „ზნეობრივი შეგონებების კონვეიერად“, რომელიც არის ძალადობის ინსპირატორი საზოგადოებაში. გიორგი ტიგინაშვილის თქმით, ეკლესია ამუნათებს განსხვავებულ აზრს და თავისუფალ სიტყვას და ებრძვის არა საკუთრივ პრობლემებს, არამედ ამ პრობლემებზე მოსაუბრე ადამიანებს.

„მათთვის მუდმივი და გადაუდებელი საფრთხეა სიმართლის ტირაჟირება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ, რომ ყველა სეგმენტი სახელმწიფოში არსებული სახელისუფლებო ჯგუფებისა, ამ შემთხვევაში იგულისხმება მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არის გადაულახავი ბარიერი, რომელიც ეწევა მათ ლუსტრაციას და აშიშვლებს იმ დარღვევებს, ის სისტემურ რეჟიმს, რომელიც საქართველოში გამეფებულ კლერიკარიზმში გვევლინება. აქედან გამომდინარე, მღვდელმთავრების რიტორიკა ემსახურება საზოგადოების დანაწევრებას, კონფლიქტების გაღვივებას და დაპირისპირების გამძაფრებას საზოგადოებაში“, - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა სხალთის ეპისკოპოს სპირიდონის ქადაგების კომენტირებისას.

კომენტარისთვის დავუკავშირდით საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ქადაგება მოსმენილი არ აქვს და კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ შეუძლია.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ არსებული აგრესიული რიტორიკის შედეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG