Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის ერთი წელი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პირველი კოვიდინფიცირებული იყო საქართველოს მოქალაქე, 50 წლის მამაკაცი, რომელიც ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სულ აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 270 137 შემთხვევა. მათგან 264 047 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3485. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ორჯერ გამოცხადდა მკაცრი შეზღუდვები - პირველად 2020 წლის გაზაფხულზე, მეორედ კი ნოემბრის ბოლოს. კორონავირუსის პანდემიამ მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები წარმოშვა.

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა“, - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, გააკეთა. სწორედ ამ დღეს გაიგო საქართველოს მოსახლეობამ, რომ ლაბორატორიულმა კვლევამ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინა. იმ ხანებში საქართველოს მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ სჯეროდა ახალი სახეობის კორონავირუსის არსებობის. ერთ-ერთი რესპონდენტი, ნათია ალექსიშვილი, გასულ წელს რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, კოვიდ-19-ის არ მეშინია. ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ადამიანი ლიმნიან ჩაის მიიღებსო.

დღეს რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობენ ადამიანები, ვისაც ერთი წლის წინ მიაჩნდა, რომ კოვიდ-19 პირადად მას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდა. მათ შორის იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ჩუთლაშვილი. მართალია, ის არ დაინფიცირებულა, მაგრამ ამბობს, რომ მისმა ახლობლებმა ინფექცია რთული ფორმებით გადაიტანეს. პედაგოგი პანდემიის პირობებში გასულ ერთ წელიწადს ასე აფასებს:

ასეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩავიკეტეთ და ამ ერთი სივრცის იქით აღარაფერი არ არსებობდა... ამ პერიოდმა ადამიანების ფსიქიკაზეც იმოქმედა. გარდა ამისა, გაცივდა გულები. მე პედაგოგი ვარ და ჩვენ დიდი ხანი ონლაინსწავლებაზე ვიყავით გადასული. ამ ფორმით გაკვეთილების ჩატარება არ იყო მარტივი. გარდა იმისა, რომ ეს უჩვეულო იყო, ზოგს ინტერნეტი საერთოდ არ ჰქონდა. მოკლედ რომ შევაფასო, ეს ერთი წელი იყო რთული“.

პანდემიის ერთი წელი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00

ყვალას შეეხო და ბევრი დააზარალა, - ასე აფასებს პანდემიის პირობებში გასულ ერთ წელს კახეთში მცხოვრები 80 წლის ნანული მანგოშვილი, რომელიც ქოთნის ყვავილების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. კორონავირუსით თავადაც დაინფიცირდა და ვირუსი მარტივად დაამარცხა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში უშემოსავლოდ იყო დარჩენილი, რადგან, ასაკის მიხედვით, რისკჯგუფს მიეკუთვნებოიდა და შინიდან გარეთ არ გადიოდა. შესაბამისად, ყვავილების რეალიზაციას ვეღარ ახერხებდა.

მე კორონა მარტივად დავამარცხე! ზუსტად 3 დღე მქონდა სიცხე, სულ ეს იყო, მაგრამ პანდემიის ერთი წელი არ იყო ისეთივე მარტივი, როგორც ვირუსის შემთხვევაში. მე ყვავილებს ვყიდი, მაგრამ შემოდგომაზე და ზამთარში არც ერთი ცალი არ გამიყიდია. ახლა, შეზღუდვების დიდი ნაწილი რომ მოიხსნა, ხალხი ქუჩებში გამოვიდა და რეალიზაციაც აღდგა. ისე, მთავრობა რომ იძახდა, მცირე ბიზნესს დავეხმარებითო, მე რატომ არავინ დამეხმარა?“

2021 წლის 26 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა 264 ათასზე მეტმა ადამიანმა. გამოჯანმრთელებულთა შორის არის ნათია დათუკიშვილი, ლაგოდეხის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. დაინფიცირებისას განსაკუთრებით ნერვიულობდა, რადგან ორსულად იყო.

მეც და ჩემი მეუღლეც საჯარო მოხელეები ვართ. სამსახურში მუდმივად დავდიოდით. ამიტომ მოლოდინი მქონდა, რომ დავინფიცირდებოდით. მას მერე, რაც გავიგე, რომ ვირუსი დამიდგინდა, უფრო მხნედ ვიყავი. ვფიქრობ, ეს ვირუსი ფსიქოლოგიური მომენტიც არის და მას პოზიტიური მიდგომა სჭირდება. მე ასე მოვიქეცი. კოვიდი დავამარცხე“.

თავდაპირველად კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს თბილისის რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, პაციენტების მიღება დაიწყეს რეგიონულმა საავადმყოფოებმაც, რომლებსაც გადაიარაღება დასჭირდათ. საგანგებოდ და მოკლე ვადებში მოამზადეს მედპერსონალიც. დაახლოებით, 5 თვეა, კახეთში ერთ-ერთი კოვიდმიმღებია „არქიმედეს კლინიკა“. ექიმი ნანა შიუკაშვილი ამბობს, რომ იყო სირთულეები როგორც ექიმების, ისე პაციენტებისთვის.

დიდი გამოწვევა იყო ვირუსთან ბრძოლა, რადგან უცნობი იყო ვირუსიც და მასთან ქცევის წესებიც. თავიდან პაციენტებიც სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ და ექიმებიც, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდით! ჩვენი კლინიკა, დაახლოებით, 400-მდე პაციენტს მოემსახურა. გვქონდა წარმატებებიც და იყო ლეტალური შემთხვევებიც. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტი, თუმცა მომართვიანობა არის ბევრად შემცირებული.

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბიზნესი და მომსახურების თითქმის ყველა სფერო, ზოგი მათგანი გაკოტრდა და დაიხურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, ამჯერად კი სავარაუდო ვადად მარტის პირველი ნახევარი სახელდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG