2020 წლის 18 ივნისს, დაბადების დღის წვეულებაზე წასასვლელად, როგორც ჩანს, გიორგი საგანგებოდ ემზადებოდა. ჩანთა ლუკასგან ითხოვა, მეგობრისგან. იასამნისფერი სავარცხელი კი, რომელიც გიორგის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, კრიმინალისტებმა მის ჩანთაში იპოვეს, დედისგან. სავარცხელს გიორგის დედის თმის ღერი ჰქონდა შერჩენილი. საკუთარი სავარცხელი, რომელიც სულ თან დაჰქონდა, იმ საღამოს გიორგიმ რატომღაც ვერ იპოვა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. მარტის პირველ რიცხვებში, მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ბიძინა სტურუამ, გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება პირველ მარტს, მკვლელობაში ხუთი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ გამოცხადდეს.
ფეხბურთელის მკვლელობის საქმის მოკლე შინაარსი და რამდენიმე საკვანძო დეტალი
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმე მოიცავს 12 ტომს. საქმის მასალების უდიდესი ნაწილი უცნობია, რადგან ერთი მხრივ, გამოძიებამ ბრალდებულების ადვოკატებს გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი, მეორე მხრივ კი მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომები მედიისთვის დაიხურა.
ხუთი თვის განმავლობაში, სასამართლო დარბაზში გამოიკითხა მკვლელობის საქმის 100-მდე მოწმე.
ბრალდების ცნობით, საქმეში დევს 100-ზე მეტ ნივთზე ჩატარებული ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა.
თუკი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის 12 ტომის საჯაროდ ცნობილ მოკლე შინაარსს მშრალ ენაზე გადავწერთ, ის დაახლოებით ასეთი გამოვა:
2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.
ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას იკარგება.
19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.
ამ საქმეში ბრალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს წარედგინა.
მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 10 სექტემბრიდან მიმდინარეობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მარტის დასაწყისში, მოსამართლე ბიძინა სტურუა ხუთივე ბრალდებულს გაამტყუნებს. ბრალდების მხარე ამბობს, რომ საქმეში დევს ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხუთივე მათგანმა ჯგუფურად მოკლა გიორგი შაქარაშვილი. პროკურატურა ბრალდებულებისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომას, 17 წლით პატიმრობას ითხოვს.
მტკიცებულებებზე, ცხადია, ბრალდებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატები თვეებია ლაპარაკობენ, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დანაშაულს დაამტკიცებდა. ისინი ამბობენ, რომ თუკი მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს იქნება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის ვარაუდებსა და „საზოგადოების დაკვეთას“ დაეფუძნება.
მოსამართლე სტურუას, რომელიც შაქარაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონკურსში მონაწილეობს, რიტორიკულ კითხვას უსვამს შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი:
„საინტერესოა, რა არის უზენაეს სასამართლოში გადასვლის სტანდარტი - ის, რომ მოსამართლემ საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს; ის, რომ პროკურატურის დავალება შეასრულოს და მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებასთანაა ასოცირებული?“
ადვოკატ ვასილ მამულაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. გარდა იმისა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში, ადვოკატისთვის გამამართლებელი განაჩენის ვარაუდის კიდევ ერთი საფუძველი, მისი სიტყვებით, მოსამართლე სტურუას მიერ 2017 წელს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამოტანილი განაჩენიცაა. მამულაშვილი მაშინაც მკვლელობაში ბრალდებულს იცავდა. მოსამართლე სტურუამ ბრალდებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა „ბახვი-ჰესის“ წარმომადგენელი: „სტურუა ამ საქმის განხილვისას პრინციპულად მოიქცა. კანონიერად და სამართლიანად“, - ამბობს ვასილ მამულაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, რადიო თავისუფლება საქმის მბრალმდებელს, პროკურორ დავით ყაზარაშვილსა და დაცვის მხარეს, ვასილ მამულაშვილს ესაუბრა. საქმის თითოეულ დეტალზე, იქნება ეს მკვლელობის ღამით განვითარებული მოვლენები თუ მაგალითად, საქმეში არსებული ნივთები და მათზე აღმოჩენილი კვალი, ორივეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ფეხბურთელის მკვლელობის მოტივი
ეს არის კითხვა, რომელიც რვა თვეა ისმის და რომელზე პასუხიც პროკურატურისთვის ნათელია - შურისძიება. ამ მოტივს გამორიცხავს დაცვის მხარე, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებულები გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდნენ და შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი მოტივი, რომელიც მათ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობამდე მიიყვანდა.
ადვოკატების ეს არგუმენტი დაუსაბუთებელია პროკურორისთვის. დავით ყაზარაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება:
„სასამართლო სხდომებზე ცალსახად გამოიკვეთა დევნისა და შემდეგ მკვლელობის მოტივი. ჩვენ ვიცით, რომ 18 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი, დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, ე.წ. საბურთალოელებთან ერთად. რამდენიმე მათგანს გიორგი მანამდეც იცნობდა, დანარჩენი საბურთალოელები კი გიორგიმ და მისმა მეგობარმა, გურამ ამირხანაშვილმა, წვეულებაზე გაიცნეს. გურამ ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებებშიც და შემდეგ, სასამართლო დარბაზშიც ამბობს, რომ როდესაც ის და გიორგი წვეულებაზე მივიდნენ და მიესალმნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს, ე.წ. ნახალოვკელებს, გამარჯობაც კი არ გვითხრეს და აგრესიულად გვიყურებდნენო“.
ბრალდების მტკიცებით, გიორგი და გურამი წვეულებაზე აღიქმებოდნენ, როგორც საბურთალოელები, ანუ დაპირისპირებული მხარე:
„როდესაც წვეულებაზე ჩხუბი მოხდა, გიორგი შაქარაშვილი გამოდის გარეთ, აშველებს და აწყნარებს საბურთალოელებს. ვიდეო ჩანაწერებზეც ჩანს, რომ ხან ერთი გამოჰყავს ხელგადახვეული, ხან მეორე. ნახალოვკელები ხედავენ, რომ გიორგი საბურთალოელებთან ერთად არის. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აგარაკზე მომხდარი ჩხუბისას, საბურთალოელებმა დაჩაგრეს იქ მყოფი ნაძალადევის მხარის წარმომადგენლები. შესაბამისად, დაზარალებული მხარე ჩამოდის თბილისში და ცოტა ხანში, მცხეთაში ბრუნდებიან დამატებითი ძალით და მანქანებით. ბრალდებულებისა და დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ისინი თბილისიდან მცხეთაში იქ დარჩენილი მეგობრების წამოსაყვანად დაბრუნდნენ, აბსურდია და ამას არავინ იჯერებს. რატომ ბრუნდებიან მცხეთაში? ისინი ბრუნდებიან შურისძიების მოტივით“.
დავით ყაზარაშვილს ამ რწმენას უმყარებს კიდევ ერთი ფაქტი - საქმის მასალების თანახმად, მცხეთის მაგისტრალზე ფეხით მომავალ გიორგისა და მის ნაცნობებს უკან მოჰყვება ორი არასრულწლოვანი, რომლებიც მათ უთვალთვალებენ:
„როდესაც მცხეთის ტრასაზე ორ არასრულწლოვანს და გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს შორის საუბარი შედგა, არასრულწლოვნებმა მათ კითხვა დაუსვეს, თქვენ რომელი უბნელები ხართო. ახალგაზრდებმა ზოგადად უპასუხეს, რომ საბურთალოელები იყვნენ. გიორგი შაქარაშვილი ამ დიალოგში არ ამბობს, რომ ის არ არის საბურთალოელი და ვაზისუბანში ცხოვრობს. ცალსახად ჩანს, რომ ამ სიტუაციაში, გიორგი აღიქმება საბურთალოელების მხარედ. კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ როდესაც მაგისტრალზე, არაგვის ხიდთან ჩერდება „ტოიოტა კამრი“, საიდანაც გადმოდის ექვსი პირი, მათ არც გიორგი შაქარაშვილის ვინაობა აინტერესებთ და არც სხვა არავისი. მათ იციან, რომ ისინი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები არიან და პირდაპირ მიემართებიან მათკენ გინებითა და მუქარით. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ იქ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისზე იძიებდნენ შურს თავდამსხმელები. ეს იქნებოდა შაქარაშვილი თუ სხვა. მთავარია, რომ მათ კონფლიქტის მოწინააღმდეგე მხარეზე ეძიათ შური“.
მდევრები, ბილიკი, მდინარე - გაუჩინარებული ფეხბურთელი
ბრალდების მტკიცებით, მდევრებმა, „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა, გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს, ჯერ არაგვის ხიდზე სდიეს, შემდეგ ორად გაიყვნენ და გიორგის გზა ხიდის ქვეშ მოუჭრეს. გიორგი იძულებული გახდა მოასფალტებული გზიდან გადაეხვია, გზის პირას მდებარე მოაჯირს გადახტომოდა და ქვევით, მდინარისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. პროკურატურის მტკიცებით, გიორგის სწორედ ამ ბილიკზე დაედევნენ ბრალდებულები, მდინარის პირას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში ჩააგდეს, სადაც გიორგი ასფიქსიით, ანუ, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.
პროკურორი ყაზარაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი და მათთან ერთად, მაგისტრალზე მყოფი ვახტანგ ახვლედიანიც, სასამართლო სხდომაზე ადასტურებენ, რომ გიორგი შაქარაშვილს უკან მისდევდა სამი ადამიანი ვახტანგ ჩიქოვანი და ორი არასრულწლოვანი. პროკურატურის ვერსიის თანახმად, მოპირდაპირე მხარეს შაქარაშვილს გზას უჭრის კიდევ ორი ბრალდებული - არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი:
„ეს გარემოება ვიდეო-ჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით ძალიან კარგად ჩანს. ის, რაც სასამართლო პროცესზე დასტურდება და უტყუარად დასტურდება, მე ახლა მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ. ადვოკატებს არ აწყობთ, რომ ის, რაც მოხდა და დადასტურდა სასამართლო პროცესზე, გაიგოს საზოგადოებამ და გამოვიდეს გარეთ. ეს არის მიზანი. ეს ყველაფერი გამოძიების ეტაპზეც კარგად ჩანდა. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც იმ სიტუაციის აღსადგენად, რაც 19 ივნისის ღამეს მცხეთის მაგისტრალზე მოხდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მდევრებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ საკუთარი განზრახვა, მსხვერპლის დასჯა სისრულეში მოეყვანათ. ამავდროულად, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით, ცალსახად დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილი და მდევრები მას გასცდნენ, გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 7-8 წუთი, გინების და დევნის ხმა წყდება. გურამ ამირხანაშვილს მათი ხმა აღარ ესმის. რადგან ის ზევით, გზის პირას, ე.წ. ფერად შენობასთან იმყოფება, გიორგი კი მდევრებთან ერთად, ქვევით, მდინარის პირასაა. შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი, გიორგი შაქარაშვილის მიმართ მიმდინარეობს ძალადობა, რის შემდეგაც გიორგის წყალში აგდებენ“.
ბრალდების ეს ვერსია და ამ ვერსიის გარშემო არსებული მტკიცებულებები აბსურდულია დაცვისთვის. ვასილ მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმისათვის, რომ დაამტკიცოს, დაედევნენ თუ არა ბრალდებულები შაქარაშვილს ბილიკზე:
„ნიადაგის ექსპერტიზამაც კი აჩვენა, რომ ბრალდებულების ფეხსაცმელებზე იმ ტერიტორიის ნიადაგის კვალი არ აღმოჩნდა. ეს ადამიანები, საერთოდ არ ჩასულან წყლის პირას. ეს მტკიცებულება ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე არ მოიტანა და არც ჩვენ მოგვცეს, რადგან მაღალი ალბათობით, ეს მტკიცებულება გამამართლებელია“.
გარდა ამისა, ვასილ მამულაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს იმ ფაქტს, რომლის შესახებაც დაცვის მხარე ჯერ კიდევ აგვისტოში ლაპარაკობდა. საქმე ეხება ერთ-ერთი ბრალდებულის google-ის ანგარიშს, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, გამოძიებამ წაშალა იმ მოტივით, რომ არ დადგენილიყო მისი გადაადგილების ტრაექტორია. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ ანგარიშის დახმარებით დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრიათ და არც მდინარის პირას ჩასულან.
როგორ წაიკითხეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ექსპერტიზების პასუხები
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 100-ზე მეტ ნივთზე ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. მათ შორის, ქიმიური, ბიოლოგიური, ნიადაგის.
ბრალდებულებისა და გარდაცვლილის ტანსაცმელსა თუ სხეულზე, ერთმანეთის გენეტიკური პროფილის ნიმუშები არ აღმოჩნდა.
აი, როგორ ხსნის ამ ფაქტს დავით ყაზარაშვილი:
„19 ივნისის ღამეს, როდესაც ფაქტი მოხდა, ვიცით, რომ ყველა პირი წავიდა სახლში. ტანსაცმელი გამოძიებამ მათგან რამდენიმე დღის შემდეგ ამოიღო. ჩვენ არ ვიცით, რა ზემოქმედება მოახდინეს მათ ამ ტანსაცმელზე. არ ვიცით, რა მდგომარეობაში მოგვიტანეს მათ ეს ტანსაცმელი, იყო თუ არა დამუშავებული, რაც არ გამოირიცხება. ჩვენი ვარაუდით, ეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დამუშავდა, თუმცა, საბოლოოდ, ამას ვერ ვამბობთ მტკიცებით ფორმაში“.
ბრალდებულების გენეტიკური პროფილი ვერ აღმოაჩინეს ექსპერტებმა ვერც გიორგის ტანსაცმელსა და სხეულზე. ამ ფაქტს დავით ყაზარაშვილი იმით ხსნის, რომ გიორგის გვამი წყლის ქვეშ დაახლოებით ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა:
„გიორგის ტუჩის არეში ზერელე ნახეთქი ჰქონდა, საიდანაც სისხლი იყო წამოსული. სისხლის კვალი სხეულზეც იყო შერჩენილი. თუმცა, წყალმა ისე გააზავა სისხლი და წაშალა პროფილის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რომ ექსპერტიზამ ისიც კი ვერ თქვა, ნამდვილად გიორგი შაქარაშვილის სისხლი იყო ის თუ არა. როდესაც ადამიანის გვამი წყლის ქვეშ რჩება სამი და ოთხი დღე, იქ ნებისმიერი კვალის აღმოჩენაზე, ლაპარაკი ზედმეტია და ეს ბიოლოგმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან ამ კონკრეტული მაგალითით ახსნა ეს პროცესი, ჩვენ ისიც კი ვერ ვთქვით, რომ ეს დანამდვილებით გიორგის სისხლიაო“, - ყვება პროკურორი.
ტანსაცმელზე კვალის წაშლას კატეგორიულად გამორიცხავენ როგორც თავად ბრალდებულები, ისე მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები. რადიო თავისუფლება რამდენიმე თვის წინ შეხვდა არჩილ გაგნიძის დას და ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმას. მათი თქმით, ტანსაცმელი, რომელიც ბრალდებულებს 19 ივნისის ღამეს ეცვათ, თავად ბრალდებულებმა „ხელუხლებლად“ მიიტანეს საგამოძიებო უწყებაში.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დღესაც იმავეს იმეორებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი:
„ხუთივე ბრალდებულის ტანსაცმელი ამოღებული იყო და მათზე არ აღმოჩნდა კვალის ხელოვნურად წაშლის ნიშნები, მაგალითად, გარეცხვა. რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილს ტანსაცმელს, ახსნა კი აქვს იმას, რომ მასზე არ აღმოჩნდა ბრალდებულების გენეტიკური პროფილები, რადგან დიდხანს იყო წყალში, თუმცა, ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ მათ ჰქონიათ, მათ შორის, არაერთი შემთხვევა, როდესაც გვამი ყოფილა წყალში და ტანსაცმელზე ამოსულა გენეტიკური პროფილი. ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ფაქტია, რომ არც შაქარაშვილის ტანსაცმელსა და სხეულზე და არც ბრალდებულების ტანსაცმელსა და სხეულზე, ერთმანეთის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა“.
წელის ჩანთა - დანაშაულის ათვლის წერტილი
გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა, განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ნივთმტკიცებად ითვლება. ჩანთა გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, არაგვის ხიდის სვეტზე შემოდებული აღმოაჩინა.
სწორედ ამ ჩანთაში იდო გიორგის დედის იასამნისფერი სავარცხელი, რომელიც გიორგიმ სახლიდან წამოიღო და თმის ჟელე. ჩანთაზე ექსპერტებმა ოთხი გენეტიკური პროფილი დააფიქსირეს. აქედან ერთი გენეტიკური პროფილი თავად გიორგი შაქარაშვილისაა, მეორე ჩანთის მფლობელის, გიორგის მეგობრის, რომლისგანაც გიორგიმ ჩანთა ითხოვა. მესამე გენეტიკური პროფილი პროკურორის თქმით, გიორგის დედისაა, მეოთხე პროფილის მფლობელის ვინაობა კი ვერ დადგინდა. ჩანთაზე ექსპერტებმა ბრალდებულების გენეტიკური პროფილები ვერ იპოვეს.
დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის გენეტიკური პროფილი, რომლის ამოცნობაც ექსპერტებმა ვერ შეძლეს, სწორედ რომელიმე ბრალდებულს ეკუთვნოდეს. სასამართლო დარბაზში გამოიკითხა ის ექსპერტი, რომელმაც ჩანთაზე დატოვებული გენეტიკური მასალა შეისწავლა:
„ბიოლოგი ექსპერტის განმარტებით, ჩანთაზე იმ ადამიანების გენეტიკური პროფილები აღმოჩნდა, რომლებსაც მჭიდრო შეხება ჰქონდათ ნივთთან და შესაბამისად, ნივთზე მათი დნმ-ს კვალი უფრო დიდი მოცულობით დარჩა. ექსპერტმა ცალსახად ილაპარაკა იმაზე, რომ ჩანთაზე აღმოჩნდა ასევე ისეთი დნმ-ის კვალი, რომელიც იდენტიფიცირებისათვის არ იყო არასაკმარისი. ანუ, დნმ იმდენად მცირე რაოდენობით იყო, რომ რთული იყო იმის განსაზღვრა, თუ ვის ეკუთვნოდა ის. დაისვა უმრავი კითხვა, ხომ არ შეიძლებოდა ეს დნმ პროფილი ყოფილიყო, მათ შორის, ბრალდებულების. რა თქმა უნდა, ვერ გამოირიცხა და არ გამოირიცხა ის გარემოება, რომ იქ არსებული დნმ, რომელიც სრულყოფილად ვერ იქნა გამოკვლეული, შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც სხვა პირების, ისე ბრალდებულების. აქედან გამომდინარე, ის, რომ ცალსახად გამოირიცხა ბრალდებულების ჩანთასთან შეხება, ეს ასე არ არის. ექსპერტმა ასევე ილაპარაკა იმაზეც, რომ შესაძლოა ადამიანი ხელით შეეხოს ნივთს, ამ შემთხვევაში ჩანთას, მაგრამ მასზე დნმ არ დატოვოს. ასევე მან ილაპარაკა იმაზეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩანთაზე დარჩა დნმ კვალი, შესაძლოა, ჰაერის ზემოქმედების, წყლის ზემოქმედების და სხვა ნებისმიერი ბუნებრივი ზემოქმედების წყაროთი, წაშლილიყო ეს კვალი. ჩვენ ვიცით, რომ ჩანთა, ფაქტობრივად, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში იყო იმ ტერიტორიაზე“.
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულებს ამ კონკრეტულ ჩანთასთან შეხება ექნებოდათ, მასზე აუცილებლად დარჩებოდა მათი კვალი, რაკიღა ჩანთამ სხვა პირების დნმ პროფილები შემოინახა:
„შეიძლება ბრალდებას ჰქონოდა პოზიცია, რომ არის ობიექტები, რასაც არ აქვს გენეტიკური პროფილის მიმღებუნარიანობა. ან კლიმატური პირობები ყოფილიყო ისეთი, რაც პროფილის წაშლას გამოიწვევდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩანთაზე ამოვიდა ოთხი ადამიანის გენეტიკური პროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც გარემო პირობებს და არც თავად ობიექტს არ ჰქონია გენეტიკური პროფილის მიმღებლობის პრობლემა. თუკი ჩანთაზე დარჩა ოთხი პირის გენეტიკური პროფილი, თან ძველი პროფილები, გამორიცხულია, რომ ბრალდებულებს შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან და მასზე მათი პროფილები არ დარჩენილიყო“.
როგორ წაიკითხეს სასამართლო-სამედიცინო დასკვნები ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბოლო სასამართლო სამედიცინო დასკვნა 11 იანვარს გამოქვეყნდა. სამედიცინო ექსპერტების კომისია ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლულია და მოკვლამდე ის გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
პირველი სასამართლო სამედიცინო დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გამოძიებას 10 ივლისს გადასცა. დასკვნაში ვკითხულობთ:
„გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“.
ეს ნიშნავს, რომ 19 წლის ფეხბურთელი ამ დაზიანებებით ვერ გარდაიცვლებოდა. ანუ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იგი უნდა გარდაცვლილიყო წყალში, მდინარე არაგვში: „გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით“, - წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა.
ორ თვეში, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა გამოაქვეყნა. ექსპერტებმა დააზუსტეს, რომ სხეულის დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე მიიღო. ასევე, გვამი წყალში 3-4 დღემდე რჩებოდა.
2021 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ კომისიურ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში კი ვკითხულობთ:
„გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.
ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს“.
დავით ყაზარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ექსპერტიზის დასკვნები, ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი ცემეს, ნაცემი კი წყალში ჩააგდეს. მისი თქმით, ეს სამედიცინო დასკვნები გახდება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ „უმკაცრესი სასჯელი“ გამოიყენოს:
„სასამართლო სამედიცინო, კომისიური ექსპერტიზის დასკვნები, ცალსახად ადგენს, რომ ის დაზიანებები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ჰქონდა, არ არის მიღებული წყალში მოხვედრის შემდეგ. იყო ვარაუდი, ხომ არ გადავარდა ხიდიდან. ესეც ცალსახად გამორიცხულია, რადგან წყალზე თუნდაც სხვა რაიმე ზედაპირზე დაცემის არანაირი კვალი არ ჰქონდა გიორგი შაქარაშვილს სხეულზე. არ არსებობდა, მაგალითად, მანქანაზე შეჯახების კვალი, ექსპერტებმა ესეც ცალსახად გამორიცხეს“.
დავით ყაზარაშვილი ეხმაურება რამდენიმე ხნის წინ, მედიაში, ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ვერ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები მიყენებული აქვს ცემის შედეგად და არა რაიმე ბლაგვ ნივთზე შეჯახებით:
„ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდები, რაც ცალსახად დაცვის მხარის ინტერესში შედიოდა, რომ ამ მონაკვეთზე ელაპარაკათ ისე, თითქოს ექსპერტებმა არ დაადასტურეს გარკვეული დაზიანებების წარმომავლობა. ექსპერტები რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდნენ ჩვენებას სასამართლოს წინაშე, დაახლოებით ოთხ-ოთხი საათი მიმდინარეობდა მათი გამოკითხვა. რამდენიმეწამიანი ეპიზოდები ამოვარდა იმ ჩვენებიდან და გახმაურდა სატელევიზიო სივრცეში. მხოლოდ რამდენიმეწამიანი ეპიზოდის გავრცელება ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდს ვეღარ მოჰყვება თავისი დასაბუთება ან ის, თუ რა ილაპარაკა მანამდე ექსპერტმა. პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ნანახი დაზიანებები იყო ძალადობის კვალი“.
რაც შეეხება კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ექსპერტებმა სრულყოფილად არ შეისწავლეს შემთხვევის ადგილი, დავით ყაზარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„მათ შეისწავლეს უშუალოდ ასფალტირებული გზა, მოსახვევი ზოლი, სანამ ციცაბო ბილიკზე გადავალთ. შეისწავლეს ბილიკის თავში არსებული ჯებირი, ასევე ბილიკი და შემდეგ მთელი სივრცე მდინარის ნაპირამდე და კალაპოტის ჩათვლით. მთელი ეს ტერიტორია შეისწავლა ექსპერტების ჯგუფმა, კომისიამ. ექსპერტებმა როგორც დასკვნებში, ისე სასამართლო სხდომებზე, პირდაპირ განაცხადეს, რომ გამოირიცხა, შაქარაშვილს ეს დაზიანებები მიეღო ბილიკზე დაცურებით. თუკი სხდომის ოქმის ჩანაწერს მოვისმენთ, იქ კარგად ჩანს, რომ მუცლისა და წელის არეში არსებულ დაზიანებებზე, ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ გამორიცხულია, ეს დაზიანებები გიორგის თავისით მიეღო. რაც არ უნდა გაეკეთებინა შაქარაშვილს, ის ასეთ დაზიანებებს თავისით ვერ მიიღებდა, თუკი მას ამ დაზიანებებს ვინმე ამ არ მიაყენებდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, თავის არეში მიღებული დაზიანებებია. ამ დაზიანებებს ის ერთი და ორი დაცემით ვერ მიიღებდა. ექსპერტებმა ამ ყველაფერზე დეტალურად ილაპარაკეს სასამართლო სხდომებისას“.
რაც შეეხება კითხვას წყლის ფსკერის გამოკვლევის შესახებ, ანუ, რატომ არ გამოიკვლიეს ექსპერტებმა წყლის ქვეშ არსებული ნივთები, დავით ყაზარაშვილი ამბობს:
„კატეგორიულად გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილს ამ ტიპის დაზიანებები წყლის ქვეშ მიეღო. ის იმ სახეობის დაზიანებებს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს აქვს სხეულზე, საუბარია 16-ივე დაზიანებაზე, წყლის ქვეშ ვერ მიიღებდა. ექსპერტებმა თვითონვე თქვეს, რომ ეს [წყლის ფსკერის შესწავლა] გამოძიებას არაფერში სჭირდებოდა და არც მოგვითხოვია, რადგან წყალში დაზიანების მიღება, ისევე, როგორც სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში, თავისი სპეციფიურობით გამოირჩევა. ასეთ შემთვევაში, სახეზე უნდა გვქონდეს დინამიკა, რაც ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ხახუნის, გაცურების კვალი, რაც გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არ იყო. როდესაც დაცვის მხარე საჯაროდ გამოდის და ავრცელებს კონტექსტიდან ამოვარდნილ ინფორმაციას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათი ინტერესი და მცდელობა, რომ საზოგადოება დააჯეროს და შეცდომაში შეიყვანოს, რადგან ეს სასამართლოში აღარ გამოსდით და არც გამოუვათ. სასამართლო-სამედიცინო დასკვნების ირგვლივ, ექსპერტებმა სასამართლოს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მიაწოდეს. კარგი იქნებოდა, რომ მედიას თავად მისცემოდა სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა და თავად მოესმინათ, როგორ მიმდინარეობს პროცესი, ვინ რა პასუხს იძლევა და რა პოზიციას აფიქსირებს“.
ვასილ მამულაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კვლავ თავის პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზამ იმ 16 დაზიანებიდან, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაფიქსირდა, არსებითად მხოლოდ 2 - მუცლისა და წელის არეში მიღებული დაზიანებები გამოიკვლია. ადვოკატის თქმით, ექსპერტებმა განმარტეს, რომ მათ მტკიცებით ფორმაში შეუძლიათ თქვან მხოლოდ ის, რომ ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშილს არც ჯებირთან შეჯახებით და არც 15-დან 25 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შეეძლო მიეღო:
„ექსპერტებს ჩვენ წარვუდგინეთ ფოტო-სურათები მიმდებარე ტერიტორიიდან და ვკითხეთ, გამოიკვლიეს თუ არა, რომ, მაგალითად, ეს დაზიანებები შეიძლებოდა განვითარებულიყო სხვადასხვა ობიექტთან შეჯახებით. მაგალითად, იქ არის ბეტონის დიდი ფილა, ბილიკთან, ვაჩვენე [ექსპერტებს] ამ ფილის ფოტო და ვკითხე, გამოიკვლიეს თუ არა ეს ფილა და შეიძლებოდა თუ არა ამ ბეტონზე შეჯახებით განვითარებულიყო დაზიანებები. პასუხი იყო ასეთი - ჩვენ წარმოგვიდგინეს მოთხოვნა მხოლოდ ჯებირთან დაკავშირებით, არ გამოგვიკვლევია არცერთი სხვა ობიექტი, შესაბამისად, ვერც ვერაფერს დავადასტურებთ და ვერც ვერაფერს უარვყოფთ. 14 დაზიანება საერთოდ არ არის გამოკვლეული შეჯახების კონტექსტში.“.
ვასილ მამულაშვილის თქმით, საქმეში არ დევს მინიმუმ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გიორგი შაქარაშვილი ნაცემია:
„თუ შეჯახება არ არის გამორიცხული, როგორ შეიძლება ცალსახად თქვა, რომ ეს არის ძალადობის შედეგი. გარდა ამისა, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 15-დან 25 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არ განვითარდებოდა მსგავსი დაზიანებები. ჩვენ დავუსვით კითხვა, 15-დან 1 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიიღებდა თუ არა რომელიმე დაზიანებას? ამაზეც გვიპასუხეს, რომ გამოძიებამ მათ ეს შეკითხვა არ დაუსვა. ერთი, რომ შეჯახება არ არის გამოკვლეული. მეორე, არ გვაქვს გამოკვლეული ვარდნა 15 მეტრიდან ერთ მეტრამდე. და მესამე, იყო მსჯელობა, რომ შეუძლებელია დადგინდეს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა პირი წყალში, იყო გონზე თუ გონება ჰქონდა დაკარგული. თუკი წყალში მოხდა დახრჩობა, რაზეც მიუთითებენ ექსპერტები, მაშინ პირი იქნებოდა მოქმედებაში, მოძრაობაში. გამოიკვლიეს თუ არა მდინარეში არსებული ქვები, ობიექტები და ჩაატარეს თუ არა კვლევა, ხომ არ იყო შესაძლებელი, რომ ეს დაზიანებები განვითარებულიყო წყალში. ამაზეც გვითხრეს, რომ ეს შეკითხვა მათთვის გამოძიებას არ დაუსვამს და შესაბამისად, არ შეუძლიათ დაადგინონ, მიიღო თუ არა გიორგი შაქარაშვილმა ეს დაზიანებები წყალში“.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზე ვერც იმ კითხვას უპასუხეს, რა მდგომარეობაში იყო გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩავარდნამდე:
„ჩვენ ექსპერტებს მოვუყვანეთ მაგალით. როდესაც ადამიანი თავს იხრჩობს თოკით, ვითარდება ინსტიქტი, რაც არ უნდა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა, იწყებს თავის გადარჩენას. ჩვენ პრაქტიკაშიც გვქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ყელის არეში საკუთარი ფრჩხილებით აქვს ნაკაწრები. იგივე კითხვა დავუსვით, თუკი ადამიანი წყალში იხრჩობა, თუ ახორციელებს ისეთ მოძრაობას, რომელიც შემდეგ აისახება, მაგალითად, კუნთოვან დაჭიმულობაზე და ა.შ. ამაზეც გვითხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავმიჯნოთ, ეს პირი დაახრჩვეს თუ წყალში ჩავარდნის შედეგად, თვითონ დაიხრჩოო. ბრალდება კი ამბობს, რომ წყალში დაახრჩვეს, მაგრამ არ არსებობს ამის მტკიცებულება და არც ექსპერტიზის შედეგები არ გვეუბნება, რომ ის სხვა პირთა ზემოქმედებით არის დამხრჩვალი“.
როგორ აღმოჩნდა გიორგი წყალში, რამ აიძულა გიორგი წყალში მოხვედრილიყო, ვასილ მამულაშვილი გვეუბნება, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს:
„მე მაგალითად, საერთოდ არ მგონია, რომ ეს ტერიტორიაა შემთხვევის ადგილი. ეს არის ბრალდების მიერ შერჩეული შემთხვევის ადგილი, მათ სჭირდებოდათ კონკრეტული წერტილი და ჩანთის წერტილზე გაკეთდა სწორება. ბრალდებულებს რომ ვუსმენ, ისინი შაქარაშვილთან ყოველგვარ კომუნიკაციას გამორიცხავენ. როგორ აღმოჩნდა წყალში, ვიღაცის მოქმედებით თუ თავად ჩავარდა, ეს უნდა დადასტურებულიყო მტკიცებულებებით, რაც არ დასტურდება, რადგან მტკიცებულებები არ გვაქვს. არ გვაქვს არც მოწმეთა ჩვენებები. ბრალდებულები კი ბრალს უარყოფენ. იმისათვის, რომ სახეზე იყოს მკვლელობის შემადგენლობა, აუცილებელია პირთა ქმედებები, შედეგი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. ჩვენ არ გვაქვს ეს მთავარი შემადგენელი ელემენტები. ჩვენ არ გვყავს მოწმეები, რომლებიც იტყოდნენ, რომ ამ კონკრეტულმა პირებმა განახორციელეს ქმედებები - ცემა და წყალში დახრჩობა. ჩვენ უნდა გვქონდეს მტკიცებულებები, რომლებმაც გამოიწვია პირის გარდაცვალება, ანუ წყალში დახრჩობა. ამის მტკიცებულება ფიზიკურად არ გვაქვს. ძალიან გაუჭირდება მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. მე არ ვიცი, როგორ უნდა დაადგინოს მოსამართლემ ეს ფაქტები და როგორ უნდა შეუფარდოს ბრალდებულებს სასჯელი. კი, სახეზეა გარდაცვალება, მაგრამ არ გვაქვს შემხებლობა, არც გვაქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ერთადერთი საკითხია საზოგადოების წნეხი“.
პროკურატურას სხვა აზრი აქვს მოწმეთა ჩვენებებზე
გიორგი შაქარაშვილის ცემასა და შემდეგ წყალში ჩაგდებას, თვითმხილველი არ ჰყავს. არცერთი მოწმე, რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდთან იმყოფებოდა, არ ამბობს, რომ დაინახეს ან გაიგონეს როგორ ცემდნენ ან წყალში აგდებდნენ გიორგი შაქარაშვილს. თუმცა, იმას კი ადასტურებენ, რომ მდევრები გიორგის გინებით მისდევდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს, ბრალდების მხარე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებები, განსაკუთრებით კი გურამ ამირხანაშვილის ბოლო, მეხუთე ჩვენება, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მდევრები გიორგის ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში ჩააგდეს.
დავით ყაზარაშვილი იხსენებს გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ კონკრეტულ დეტალს, როდესაც მდევრები მაგისტრალზე ბრუნდებიან, პოულობენ ფერად შენობასთან დამალულ გურამ ამირხანაშვილს და მანქანაში ისვამენ. გურამ ამირხანაშვილი 2 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში ამბობს:
„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.
დავით ყაზარაშვილის თქმით, თვეების განმავლობაში, ადვოკატები ცდილობდნენ, რომ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დაპირისპირებულ მხარეებად წარმოეჩინათ. თუმცა, მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე, გიორგი შაქარაშვილის დედამ ეს დაპირისპირება ცალსახად გამორიცხა:
„მან თქვა, რომ გიორგის ოჯახი გურამს ენდობა და დარწმუნებულები არიან იმაში, რომ გურამი ამბობს სიმართლეს. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ გურამ ამირხანაშვილმა თითქოს ჩვენებები შეცვალა. მას ჩვენებები არ შეუცვლია. მან დააზუსტა დეტალები. როდესაც გურამ ამირხანაშვილი თავდაპირველად დაიკითხა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყო. ერთი ის, რომ თავს დაესხა ამდენი ადამიანი. შემდეგ, თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ, ჩასვეს მანქანაში და წამოიყვანეს და მთავარი, მისი ბავშვობის უახლოესი მეგობარი იყო დაკარგული. ამ ადამიანმა მისი ეს მდგომარეობა ახსნა სასამართლოს წინაშეც და ძალიან კარგად განმარტა, რომ ის იყო სტრესულ მდგომარეობაში, აღელვებული და დეტალების გახსენება მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ შეძლო. რეალურად, აქ ლაპარაკია ჩვენებებში არსებულ არა რეალურ წინააღმდეგობებზე, არამედ დეტალებზე, რომლებიც შემდგომ ჩვენებებში მან დააზუსტა. და უფრო სრულყოფილად გადმოსცა. მისი განცდები დიდხანს გრძელდებოდა და როდესაც გამოვიდა მდგომარეობიდან და უკეთ გაიაზრა დეტალები, რა თქმა უნდა, გამოძიებას სრულყოფილად მიაწოდა ეს ინფორმაცია“.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ჟურნალისტებს არ ხვდება. 19 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, მათ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არ მიუციათ. ზუსტად ერთი თვის წინ გავრცელდა სასამართლო დარბაზში ჩაწერილი გიორგის დედის, თამარ შავლაშვილის სტენოგრამა. ის ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს:
„ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. კარგად დაიმახსოვრე მისი სახე”.
22 თებერვალს, რადიო თავისუფლებას ანი შაქარაშვილმა, გიორგის დამ მოსწერა:
„ადამიანები იმ სიყვარულისთვის ცხოვრობენ, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ. სწორედ ეს სიყვარული დატოვა ჩემმა ძმამ ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც მას დღემდე სიყვარულით და სიამაყით იხსენებს. ის არის და იქნება ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. ვარსკვლავთ ბიჭუნა“.