Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეცსამსახურები: ჯამალ ხაშოგჯი სავარაუდოდ პრინც მუჰამედის დაკვეთით მოკლეს


ჯამალ ხაშოგჯი
ჯამალ ხაშოგჯი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დიდი ალბათობით იყო ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობის დამკვეთი, ყოველ შემთხვევაში, მან მოიწონა ის. ასეთ დასკვნას შეიცავს აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში, რომელიც უახლოეს დროში გამოქვეყნდება. ამის შესახებ იტყობინება მედია, რომელიც გაეცნო ანგარიშს.

უცხოეთში მცხოვრები ხაშოგჯი, რომელიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, მათ შორის დასავლეთის პრესაში, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს 2018 წელს. მკვლელობის შემდეგ მისი გვამი დაანაწევრეს და საკონსულოს ტერიტორიიდან გაიტანეს. ნეშტი ჯერაც არ არის ნაპოვნი.

ეჭვი, რომ პრინცი მუჰამედი შეიძლებოდა კავშირში ყოფილიყო ბოროტმოქმედებასთან, მაშინვე გამოითქვა, როგორც კი მკვლელობა მოხდა. საუდის არაბეთი მკვლელობის ფაქტის უარყოფას ცდილობდა, მაგრამ შემდეგ აღიარა ის. გამოაცხადეს, რომ საუდის არაბეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც გაუსწორდნენ ჟურნალისტს საკონსულოში, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ და ისინი სასამართლოს გადასცეს.

ხაშოგჯის ოჯახმა მკვლელების შეწყალება მოითხოვა. ასეთ შემთხვევაში, საუდის არაბეთის კანონით, არ შეიძლება ბრალდებულის სიკვდილით დასჯა. შედეგად ბრალდებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშში, როგორც იტყობინებიან, არ არის ხაშოგჯის მკვლელობასთან მუჰამედ ბინ სალმანის კავშირის პირდაპირი მტკიცებულება. მაგრამ სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ასეთი ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა გავლენიანი პრინცის თანხმობის გარეშე.

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეცნო ანგარიშს. ხუთშაბათს ის ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის მეფე სალმანს. თეთრი სახლის განცხადებაში არ არის ნახსენები, ისაუბრეს თუ არა მათ ანგარიშზე, მაგრამ ნათქვამია, რომ ბაიდენმა აღნიშნა „დიდი მნიშვნელობა, რომელსაც აშშ ანიჭებს ადამიანის საყოველთაო უფლებებს და კანონის უზენაესობას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხუთშაბათს ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ისაუბრეს თუ არა მათ ანგარიშის შესახებ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG