Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური განმარტებით, მელიას შეუძლია ტელევიზორის ყიდვა პენიტენციურ დაწესებულების მაღაზიაში


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მას ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში.

„ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა ნიკა მელიას, რომელიც საპოლიციო ძალებმა 23 თებერვალს დააკავეს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მელია მიიჩნევს, რომ საკნის პირობები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მისი ერთადერთი მოთხოვნა ტელევიზორის შეტანაა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG