Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორძაია ამბობს რომ არც დღეს და არც ხვალ არ ელოდება ენმ-ის ოფისში პოლიციის გამოჩენას 


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ რთულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების პროგნოზირება. „ჩვენ აქ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები. აქ არიან ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დგანან სიმართლის მხარეს, მშვიდობიანად, ყველა არის ხალისიანი. ყველას სჯერა, რომ სიმართლე აქეთ მხარეს არის, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ძალადობა, რომელიც შეიძლება განახორციელონ იქნება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ", - თქვა კორძაიამ.

„რესპუბლიკელი" პოლიტიკოსი ოპოზიციური პარტიის ოფისში სამართალდამცველების გამოჩენას ჯერჯერობით არ ელოდება. „გულწრფელად გითხრათ, არც დღეს საღამოს ველოდებით და არც ხვალ საღამოს, იმიტომ, რომ ეს არ იქნება გონივრული. ვდგავართ აქ იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ პირველ რიგში ნიკა მელიას, რომელსაც უსამართლოდ ექცევა ეს ხელისუფლება. მეორე, ვფიქრობთ, რომ დემოკრატიის და განვითარების ხაზი სწორედ, აქ გადის", - აღნიშნავს თამარ კორძაია.

პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ გამწვავდა. 17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ილაპარაკა პარტიის ოფისში მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ.

„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა, რომელიც არის ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ“, - თქვა მან.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება.

22 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

XS
SM
MD
LG